საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2020 წლის სხდომები

2020 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.

დღის წესრიგი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

გუშინ ზუგდიდში შექმნილი ურთულესი ვითარება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები და დღეს შსს-ს ძირითადი ამოცანაა გააგრძელოს მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე.

„ეს პირველი რიგის ამოცანა იყო მხოლოდ და, რა თქმა უნდა, მიღწეული შედეგი, რომ ჩვენი მოქალაქეების, მძევლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს მხოლოდ პირველი რიგის ამოცანაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ს და სამართალდამცავ სისტემას აქვს უმთავრესი ამოცანა დღეს, ეს უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც დღეს ოპერატიული სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც, რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს. ყველა ის კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა, რომელიც მათ აქვთ ამ მიზნის მისაღწევად უნდა იყოს გამოყენებული, რათა არ მოხდეს მსგავსი დანაშაულის ჩამდენების მხრიდან დაუსჯელობის შეგრძნების გაჩენა. ეს არის ძირითადი ამოცანა რომელზეც შსს დღეს მუშაობს და უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა საბოლოო შედეგის მიღწევამდე,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ვირუსის მართვის პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც დღეს ქვეყანა იმყოფება, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქისგან.

პრემიერმა ისაუბრა უსაფრთხოების წესების დაცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელებაა 70 %-ით შემცირდება.

„გუშინ, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში დამყარდა კიდევ ერთი ახალი ანტირეკორდი და 400 000-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია მსოფლიოში და საერთოდ, ინფიცირებულების ჯამმა გადააჭარბა 41 მილიონს. ევროპის ბევრ ქვეყანაში დამყარდა ანტირეკორდები და საქართველოშიც ჩვენც ინფიცირების მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ადაპტაციის და მართვის ეტაპი, რომელზეც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, მოითხოვს მეტ პასუხისმგებლობას თითოეული ჩვენგანისგან. საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ეფექტიანია ელემენტარულად, ნიღბის ტარება. დღესაც გვქონდა საუბარი ეპიდემიოლოგებთან და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელებაა 70 %-ით მცირდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან რეგულაციები და იზრუნონ ერთმანეთზე.

„გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ვერავინ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი ვერ გამოიგონა, ვიდრე პირბადე, სოციალური დისტანცია და ელემენტარული ჰიგიენის დაცვა. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და დავიცვათ ეს წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციის გავრცელება იქნება სწრაფი და მეტ ზიანს მიაყენებს როგორც ჩვენს ეკონომიკას, ასევე ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, უკეთ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, მეტი პასუხისმგებლობა გამოვაჩინოთ და პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულ მოხუცებზე, რამეთუ, ისინი არიან პირველ რიგში რისკის ჯგუფში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური