საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს დაავალა,“თელმიკოს” მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩაერთოს, ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის შესწავლის მიზნით კი, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას ამოსაბეჭდი ვერსია

2022-02-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, "თელმიკოს" მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთოს, ე.წ. „ქოლ-ცენტრების" საქმიანობის შესწავლის მიზნით კი, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნას.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში ისმის მოსახლეობის ჩივილები აღნიშნულ საკითხზე და სრული სურათის დასადგენად, მიიღო გადაწყვეტილება, პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს შემოწმების შედეგი.

მთავრობის მეთაურის თქმით, თუ რაიმე გადაცდომას ექნება ადგილი, რეაგირება იქნება მკაცრი.

"ბოლო პერიოდში ვაკვირდები საინფორმაციო კამპანიას და ვუსმენთ რა მოსახლეობის ჩივილებს, განწყობებს, საკითხი შეეხება კომუნალური გადასახადების დაანგარიშებას. მოგეხსენებათ კარგად, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ამ საკითხზე ჩვენი ბევრი თანამოქალაქე იღებს არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს, თუ ამას შეიძლება არგუმენტირებული ვუწოდოთ, რაც დამატებითი სპეკულაციის საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და გააკეთა განმარტება, რომ სემეკის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს "თელმიკოსა" და "თელასის" მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება და მინდა ვთხოვო, დავავალო ლაშა ხუციშვილს, რომ "თელმიკოს" მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგი. ჩვენ უნდა ვნახოთ, რეალურად, რაიმე უსამართლობას ხომ არ ჰქონდა ადგილი, შეიძლება რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, ტექნიკურს, მექანიკურს, არ ვიცი რეალურად რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აუცილებელია უმოკლეს ვადებში ჩვენს მოსახლეობას გავცეთ პასუხები. ეს პასუხი უნდა იყოს არგუმენტირებული. თუ არავითარი დარღვევა არ აღმოჩნდება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, რეაგირება ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი. ამიტომ, ბატონო ლაშა, გთხოვთ, რომ ამ საკითხზე მოახდინოთ რეაგირება", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. „ქოლ-ცენტრების" საკითხი მუდმივი სპეკულირების საგანი გახდა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან.

„მე არ მინდა, რა თქმა უნდა, ამაზე სპეკულაციური განცხადებები გავაკეთო, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, პროკურატურამ ამის თაობაზე რამდენიმე ფაქტი, გამოძიების კონკრეტული შედეგები გაასაჯაროვა, მათ შორის, გერმანიის მთავრობასთან, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებების შედეგებიც. ყველაფერი ეს არის ნათელი, მაგრამ, ვინაიდან არ წყდება ეს სპეკულაციები, მე მინდა, ვთხოვო ბატონ ლაშას, რომ იგივე საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომელიც შეისწავლიან ე.წ. „ქოლ-ცენტრების" საქმიანობას ქვეყანაში. პროკურატურამ რამდენიმე ათეული პირის მიმართ უკვე დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს სპეკულაციები, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო. ბევრნაირი „ქოლ-ცენტრი" არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას და მის საზღვრებს, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება არის საჭირო. მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი, ჩემი ინფორმაციით. ამაზე გამოძიებას აქვს ინფორმაცია, მოგეხსენებათ, პროკურატურამ რამდენიმე ათეული პირის მიმართ დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს ეს სპეკულაციები, რომელმაც მართლაც კამპანიური ხასიათი მიიღო და თავის გაფუჭებულს აბრალებენ სხვებს. ისინი არიან ჩართულები, ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან, სახელმწიფომ გამოავლინა მათი დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით ასე ვთქვათ, სხვებზე, ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხი. ამიტომ, ბატონო ლაშა გთხოვთ ამაზეც რეაგირება მოვახდინოთ,"- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური