საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს ამოსაბეჭდი ვერსია

2022-02-15

  //

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ღონისძიებები და პრევენციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

აღინიშნა, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება, მობილიზებული 8 ათასზე მეტი საწოლიდან თავისუფალია 2 ათასზე მეტი საწოლი, პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ვითარება კონტროლდება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

სპეციალისტების შეფასებით, გასული კვირის მაჩვენებლებთან შედარებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების, ისევე როგორც სხვა პარამეტრების მცირედი კლება შეინიშნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკი დაღმავალ მიმდინარეობაში გადავიდა, თუმცა, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე მიმდინარე კვირაში დაკვირვების შემდეგ გამოიკვეთება, გადალახა თუ არა ქვეყანამ „ომიკრონის" შტამის გავრცელების პიკი.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვაქცინაციისა და ე.წ ბუსტერ დოზით აცრის მნიშვნელობას ვირუსით ინფიცირების მსუბუქი მიმდინარეობისთვის და შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის უწყებისგან ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღო „ფაიზერის" ვაქცინის ახალი, დამატებითი დოზების, ისევე, როგორც სამკურნალო აბების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით, რაზეც კომპანია „ფაიზერთან" აქტიური მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 1 480 841 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 289 168 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 15 628 ადამიანი.


ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში იმყოფება 1 309 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6 017 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური