საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს ამოსაბეჭდი ვერსია

2022-02-18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.

მთავრობის მეთაური, ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად დღეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნას დაესწრო.

მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენცია კონფერენციის თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა გახსნა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, რომელმაც შექმნილი კრიზისის ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ანალინა ბერბოკმა.

უსაფრთხოების 58-ე კონფერენციას მიუნხენი 20 თებერვლის ჩათვლით მასპინძლობს. კონფერენციაში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, 450-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები მაღალჩინოსანი და ლიდერი მონაწილეობს, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა მიიწვია. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური