საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ჩვენ სოლიდარობა და პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერა გამოვხატეთ, ჩემი გადაწყვეტილებით, საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-02-28

უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია გვქონდა და ჩვენი სოლიდარობა და პოლიტიკურ დონეზე მხარდაჭერა გამოვხატეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს. მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი გულისტკივილი გამოვხატო. უკრაინაში რაც ხდება, არის აბსოლუტურად მიუღებელი, უკრაინაში შეჭრა და იქ სამხედრო მოქმედებების წარმოება, რა თქმა უნდა, მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და წესებს. ამის თაობაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია, გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე. დღეს დილით, ჩემი გადაწყვეტილებით 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც უკრაინულ მხარეს მიეწოდა. რა თქმა უნდა, ეს ჰუმანიტარული ტვირთი არის დახმარება ჩვენი უკრაინელი ძმებისა და დებისთვის. ამას გარდა, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თბილისში და ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში, უფასოდ მიეწოდებათ ყველა სერვისი და მომსახურება თბილისში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა უკრაინისთვის საერთაშორისო დონეზე გამოხატულ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას ყველა საერთაშორისო ფორმატში უჭერს მხარს.

„ჩვენ ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, იქნებოდა ეს ეუთოს მინისტერიალი თუ გაეროს ფორმატი, ყველა დონეზე მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ. ჩემი დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დოკუმენტს, ამით კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მკაფიოდ გამოვხატეთ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და ჩვენი სოლიდარობა ვაჩვენეთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთისთვის უფლების შეჩერების შესახებ და რა თქმა უნდა, ეუთოს მუდმივი საბჭოს გაძლიერებულ სხდომაზე მინისტრმა დავით ზალკალიანმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს პოზიციის შესახებ. ასევე, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას საქართველომ 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად თანასპონსორობა გაუწია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება, შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს მაქსიმუმს, იმისათვის, რომ გამოხატოს მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა, უკრაინელი ძმების და დების მიმართ.

პრემიერის შეფასებით, სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ინტერესს ეძებენ.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ე.წ. მარგინალური, დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს, იმისათვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა, ეს იქნება პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა, ჩვენი უკრაინელი ძმების და დების მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ. მათი მიზანია, რომ განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ასევე კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, თუ როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი. გახსოვთ, მაშინ ჩამოსული იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კაცმა მიატოვა და აჩვენა სირცხვილი და მთელს ერს აჩვენა საკუთარი მხდალი სახე. მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი ჰალსტუხების ჭამით და მიწაზე ფორთხვით. ეს ჩვენ კარგად გვახსოვს, გვახსოვს, ვინ იომა აგვისტოს ომის დროს. მაშინ იომა ჩვენმა გმირმა ჯარმა. ჩვენმა ჯარისკაცებმა თავგანწირვით იომეს და თავი შესწირეს, ჩვენმა პოლიციელებმა, ღირსეულმა ოფიცრებმა. კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, გაქცეული სხვა პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები. ქვეყანა დატოვეს მათ ომის დროს და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. ასევე კარგად მახსოვს და ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა. მაშინ, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ამ დროს მთავრობის წევრები, სააკაშვილის მეთაურობით ხუმრობის ხასიათზე იყვნენ. ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს და დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს, რომ ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ თურმე რუსეთს, ომში მივიღოთ მონაწილეობა უკრაინაში", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კარგად აქვს გააზრებული ის საფრთხე და რისკები, რომელიც დღეს მთელი ევროპის უსაფრთხოების სისტემის მიმართ არსებობს.

„დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი, უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი, დღეს ვხედავთ, რომ არავინ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს? - ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი, ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო დღეს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშეა. ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია, ყოველგვარი გაუთვლელი ნაბიჯები, გაუთვლელი სიტყვა, ქმედება არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და ჩვენ, როგორც ხელისუფალნი, რომელიც პასუხისმგებელნი ვართ როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, მოგვეთხოვება პასუხი და პასუხისმგებელნი ვართ ყველაფერზე. მე ჩემს გამოსვლაში, მიმართვაში ვთქვი, რომ მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არაფერს გავაკეთებ, რომელიც შეეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს, არაფერს. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ, მიუხედავად იმ რაღაც ე.წ. ოპოზიციის ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა, რომლითაც ისინი სპეკულირებენ. კარგად გვახსოვს, თუ როგორ დაკარგა ქვეყანამ ახალი ტერიტორიები, როგორ ჩააბარა სააკაშვილმა კოდორი, რომელსაც რამდენიმე ხნით ადრე დაარქვა პროვოკაციულად ზემო აფხაზეთი და ჩააბარა ახალგორი, ასზე მეტი სოფელი და ათასობით ჩვენი მოქალაქე აქცია დევნილად, ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე. ომის შედეგები ძალიან მძიმეა, ამან გამოიწვია, რა თქმა უნდა, აღიარება ჩვენი ძირძველი ტერიტორიების და ეს უბედურება, ეს ტრაგედია დასრულდა რუსეთის ოკუპაციით. რუსეთის ჯარმა, ბოლო შენაერთმა, 2007 წელს დატოვა ჩვენი ტერიტორია და სულ რამდენიმე თვეში აი, ამ უგუნურმა და გაუთვლელმა ემოციურმა პოლიტიკამ და პროვოკაციების ვერაცილებამ მიგვაღებინა ომი, უბედურება და ქვეყნის ნგრევა. საბოლოო ჯამში ვინ დაიჩაგრა? ისევ ხალხი, ჩვეულებრივი, უბრალო ხალხი, ის უბრალო ოჯახის შვილები, ჯარისკაცები, რომლებმაც თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნისთვის. დაიჩაგრა ჩვენი ქვეყანა, თაობები დაიჩაგრა და პოლიტიკოსებმა რა ქნეს? გააგრძელეს მოღვაწეობა სააკაშვილის ხელმძღვანელობით. გააგრძელეს ქვეყნის ძარცვა და მოქალაქეების ჩაგვრა, წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესების და ქონებების წართმევა. მინდა, ერთი მაგალითი მოვიყვანო - კეზერაშვილი, რომელიც მაშინ იყო თავდაცვის მინისტრი, ომის დროს, ომის დროსაც კი რიცხავდა საკუთარ ოფშორულ ანგარიშებზე ბიუჯეტის ფულს, ჯარის, თავდაცვის ბიუჯეტის ფულს რიცხავდა ბატონი კეზერაშვილი, ყველაზე დიდი კორუმპირებული, რომელიც დღეს პროვოკაციულ „ანტიკორუფციულ მოძრაობას" აფინანსებს ქვეყანაში,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სააკაშვილი, ომის შემდეგ, შესანიშნავად გრძნობდა თავს და მას არავითარი დისკომფორტი არ შექმნია.

„ომის დროს საკუთარ დედას გადაუფორმა ქონება და მისი ქონება დღევანდელი შეფასებით 120 მილიონს შეადგენს. ამაზეა მეგობრებო საუბარი, როდესაც ასეთ ფარისევლობასთან და ტყუილთან გვაქვს საქმე, ამას სჭირდება სიმართლის დაპირისპირება", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საბოლოო ჯამში, ომში გმირმა ჯარისკაცებმა იომეს, თავი გასწირეს, პოლიტიკოსები, კი ომის დროსვე გაიქცნენ, მიატოვეს ქვეყანა, შემდეგ - ჯარი.
„შემდეგ პატრიარქი რომ არ შესულიყო, ჩვენი გმირი ჯარისკაცების პატიოსანი ცხედრები ვერ გამოიტანეს მათ. ეს რეალობა იყო სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, თუ რაიმეს ვამატებ, გთხოვთ, მითხარით. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან კარგად გააზრება, იმ რისკებსა და საფრთხეებს, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. ომის შემდეგ, მე მინდა ყველას შევახსენო, რომ კაპიტულანტურად მოაწერა ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ რეზოლუციას და ისევ ვის დააბრალეს, ვინ დაადანაშაულეს? - ქართველი სამხედროები, სამხედრო მოქმედებების დაწყებაში. წარმოუდგენელი ღალატი. კაცმა თავისი უგუნურებით, თავისი სისულელით, პირდაპირ უნდა ითქვას, თავიდან ვერ აარიდა ქვეყანას ეს უბედურება, ნგრევა და შემდეგ კაპიტულანტურ რეზოლუციაზე მოაწერინა ხელი საკუთარ მთავრობას. აი, ეს ხალხი იბრძვის დღესაც ამ უბედურების გამეორებისთვის, მაგრამ, მე მინდა ვუთხრა მათ მკაფიოდ, მათ ერთხელ დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის უფლებას ჩვენ მათ არ მივცემთ. ბუნებრივია, დღეს ყველანი სოლიდარულნი ვართ, ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებთ იმას, რაც ხდება უკრაინაში. ხალხი იღუპება და იბომბება მთელი უკრაინა, კიევი და სამწუხაროდ, სამარცხვინოდ, უნდა ითქვას, მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი. ეს მაგონებს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, მაშინ, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და „მიშა, მიშა" აძახებინეს. წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს. დღესაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ამ ძალიან ბევრი გულანთებული, ქართველის, პატრიოტის კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშობენ და მანიპულირებენ. ყველაფერში, ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესებს ეძებენ. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან განიცდიან, რომ დღეს აქ ომი არ არის და ვინმეს თუ უფიქრია, რომ დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით?! ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში. ეს პირდაპირ უნდა ითქვას, მეგობრებო. ჩვენ ამას არ უნდა მოვერიდოთ. ამიტომ, კიდევ ვიმეორებ, რომ მე და ჩვენ ყველას, მთელ ხელისუფლებას გვაქვს პატივი, მაგრამ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ბუნებრივია, მერე ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე. ჩვენ ყველას თანავუგრძნობთ, მაგრამ ჯერ ჩვენი ქვეყანა და ხალხი უნდა დავიცვათ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია და უაზრო კამპანია წამოიწყეს თემაზე - უნდა შეუერთდეს თუ არა ეკონომიკურ სანქციებს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ.

„მე განმარტება გავაკეთე, რომ ვეფუძნებით რა ეროვნულ, ქვეყნის ინტერესებს, ჩვენ ვთქვით, რომ არ მივიღებდით მონაწილეობას და მინდა, ეს დასაბუთება და არგუმენტები ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა ძალიან მოკლედ და მარტივად. მანამდე გეტყვით, რომ აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა გამუდმებით და დაჟინებით ეძებდა გზებს რუსეთთან ვაჭრობის აღსადგენად და რუსეთის ბაზრის გასახსნელად. ჩვენ კარგად ვიცით ეს ყველაფერი. ბატონმა სააკაშვილმა ომის შემდეგ სულ რამდენიმე ხანში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი ვის მიყიდა? რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, წყლის კომპანიები, ჰიდროელექტროსადგურები, სხვა ენერგეტიკული ობიექტები მიყიდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებს, ომის შემდეგ, ხაზს ვუსვამ. ამას გარდა, ვინაიდან ვერ მიაღწიეს ბაზრის გახსნას, სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება 2012 წელს და ცალმხრივად დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი, 2012 წლის თებერვალში, მაშინ როცა აქ გამძვინვარებული იყო მათი ანტირუსული რიტორიკა და ა.შ. მანამდეც იყო არაერთი ფაქტი ჩვენი სახელმწიფო კომპანიების რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე გადაცემისა, ეს ფაქტებია, არაფერი გაზვიადებული, ამის თაობაზე ყველამ ყველაფერი ვიცით და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია. ამის შემდეგ, იმისთვის, რომ მიეღწია რუსეთის ბაზრის გახსნისთვის, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ხელი მოაწერა. მე შევახსენებ ყველას, რომ აღნიშნული პროცესი იყო გაჭიანურებული. 19 წელი დასჭირდა რუსეთს იმისთვის, რომ გაწევრიანებულიყო ამ ორგანიზაციაში და ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შეუთანხმებლობა. ამ ყველაფერს ვითომ პატრიოტი სააკაშვილის ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, ხაზი გადაუსვა და ჩუმად, მალულად ხელი მოაწერა,"- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიერ წარმოებული გონივრული და ეროვნული, პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, საქართველომ მიაღწია ყველაფერს - ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და სხვა უამრავ პროგრესს.

„პარალელურად, ჩვენ მივაღწიეთ რუსეთის ბაზრის გახსნას. მინდა, რამდენიმე მაგალითით ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, თუ რას ნიშნავდა ჩვენთვის რუსეთის ბაზრის გახსნა, რომელზეც სააკაშვილი ომის შემდეგ ყოველ წელს დაჟინებით მუშაობდა, მაგრამ ვერ მიაღწია. 2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში ჯამში ექსპორტირებულია 2 მილიარდი აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია. სხვა პროდუქციის ექსპორტის ჯამური ღირებულება შეადგენს 3 მილიარდ აშშ დოლარს. ეს არის 2,2 მილიონი ტონა პროდუქციის ექსპორტი. ჯამურად, მოგეხსენებათ, ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მილიონი აშშ დოლარი. გახსოვთ, ეს ყველაფერი დაკეტილი იყო და გახსოვთ, როგორ ექცეოდნენ ჩვენს ფერმერებს, მევენახეებს. ქართველ კაცს, საქართველოში, რომელიც ღვინის სამშობლო და აკვანია, ვენახის გაჩეხვას აიძულებდნენ. ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წელიწადში 3 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო შემოსავლის სახით და 5 მილიონზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში. ნურავის დაგვავიწყდება, რომ 1 მილიონი ქართველი, ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად, საშუალო გადმორიცხვების ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონს შეადგენს. ანუ, ჯამურად, ბოლო წლებში 3 მილიარდი შემოვიდა, რუსეთიდან გადმოირიცხა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან საკუთარი ოჯახების, ნათესავების დასახმარებლად და ზოგადად აქ ინვესტიციების განსახორციელებლად. ეს გამოდის 10-12 მილიარდზე მეტი ჯამურად, ბოლო 8 წელიწადში. მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა. ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული ამ პროცესში და ამიტომ, კითხვას ვსვამ, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე, ანუ რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? ეს შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ მაგალითად ფულის გადმორიცხვას, თუ მათ ფინანსურ ოპერაციებს გავურთულებთ და ა.შ. ამიტომ, ზედმეტი ემოციები არაფრისმომცემია, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის. მე ჩემს მიმართვაში ხუმრობით ვთქვი, მაგრამ ეს რეალობა იყო - 1990 წელს რკინიგზის გადაკეტვა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს და მთავარი არგუმენტი იყო, რომ რუსეთი ბლოკადაში უნდა მოგვექცია. ჩვენ თუ ამ სასაცილო მდგომარეობაში გვინდა დღეს დავბრუნდეთ და იმ უბედურებაში, რომელიც მაშინ ხდებოდა, გავცეთ მთავარ კითხვას პასუხი - როგორი ქვეყნის აშენება გვინდა. მაშინ იმ უაზრო, გაუაზრებელმა ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა, ვგულისხმობ სამოქალაქო ომს, ხელისუფლების დამხობას და შემდეგ კრიმინალების თარეშს და ტერიტორიების დაკარგვას, ვიცით, სადამდე მიგვიყვანა. ეს ყველაფერი განმეორდა 2008 წელს ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლების მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი და ეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ მიღწეულია იმ პოლიტიკის შედეგად, რომელიც დაიწყო მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, რომელიც გრძელდება და რომლის საბოლოო მიზანი და დიდი ოცნება არის ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება.

„ეს არ არის მხოლოდ მთავრობის და ხელისუფლების საზრუნავი. ეს უნდა გახდეს თითოეული მოქალაქის ოცნება და საზრუნავი - როგორ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და როგორ დავაყენოთ ფეხზე. მესმის, რომ ძალიან რთული სიტუაციაა ყველგან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ერთიანობა, სიმშვიდე მოსახლეობაში და ემოციების გარეშე, ცივი გონებით, გონივრული, სახელმწიფოებრივად სწორი და ეროვნული ინტერესებით მოქმედება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელზე და აღნიშნა, რომ იანვარში 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.

„წელი დავიწყეთ ძალიან კარგად, ძალიან ძლიერად. ამ ტრენდს, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება. ამიტომ, ახლა არ არის აქ დრო იმისა, რომ გარკვეულ ოპოზიციურ რადიკალებს და მარგინალებს მივცეთ დესტაბილიზაციის საშუალება, პირიქით, უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მშენებლობა, შენება და მშვიდად ვმართოთ პროცესი. მჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობა მიაღწევს იმას, რომ უკრაინაში დასრულდება ომი, ეს ტრაგედია და მხარეები მოილაპარაკებენ უახლოეს დღეებში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური