საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2022-03-17

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:


მოგესალმებით, მივესალმები ჩემს ძვირფას კოლეგას პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ მათეუშ მორავიეცკის, რომელიც პირველი ვიზიტით იმყოფება საქართველოში. პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა და მჭიდრო ურთიერთობები მთელი რიგი მიმართულებებით. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში და ვართ დაინტერესებული, მოტივირებულები, რომ კიდევ უფრო განვავრცოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები. ვაფასებთ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

ჩვენი ხალხების საერთო ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლაში სოლიდარობის და ურთიერთთანადგომის არაერთი მაგალითია. საქართველო და პოლონეთი ყოველთვის იდგა გვერდიგვერდ მძიმე წუთებში. ჩვენ, ქართველებს არასოდეს დაგვავიწყდება პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის გმირობის ტოლფასი საქციელი, როდესაც იგი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩამოვიდა თბილისში 2008 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ჩვენ გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთის ფედერაციასთან და დადგა ჩვენი ხალხის გვერდით, მან გაუკეთა ორგანიზება ევროპელი ლიდერების ჩამოყვანას, მან პირადად ჩამოიყვანა ევროპელი ლიდერები თბილისში, რათა დამდგარიყო ჩვენი ხალხის გვერდით. ამას თითოეული ქართველი ძალიან აფასებს, ჩვენ გვახსოვს და ვართ მადლიერნი.

რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების კუთხით დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, ის, რაც ხდება უკრაინაში, რა თქმა უნდა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თანადგომისა და მხარდაჭერის მორიგი ნათელი გამოხატულებაა. მით უმეტეს, ჩვენ ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრი მორავიეცკი პირადად იყო ჩასული კიევში. იგი შეხვდა უკრაინელ ლიდერებს და პირადად გამოხატა სოლიდარობა და თანადგომა.

რაოდენ სიმბოლურია, რომ დღეს, პოლონეთისა და ევროპის გამორჩეული ლიდერის, საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ კაჩინსკის მონუმენტს ჩვენ ერთად გავხსნით ბათუმში.

სამწუხაროდ, საქართველომ თავის თავზე გამოცადა ის დიდი უბედურება, ტრაგედია, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ჩვენ უკვე გადავიხადეთ დიდი ფასი, საქართველომ და ქართველმა ხალხმა 2008 წელს. მე ჩვენს მეგობრებს ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% დღეს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და რომ ჩვენ ვცხოვრობთ რუს ჯარისკაცებთან ერთად, ჩვენს ტერიტორიაზე.

მინდა, აქვე სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები არ იქნა დაწესებული, მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. მე აქვე მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი კიდევ ერთხელ, რომელიც მაშინ ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

რაც ჩვენ ვნახეთ აგვისტოს ომის შემდეგ, ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქცია, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. პირიქით, ომის შემდეგ, სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს გადასცა, სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, მიყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები და ასევე ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ყველაფერი მოხდა ომის შემდეგ.

შედეგად, ძვირფასო მეგობრებო, საქართველო დღესაც ოკუპირებულია, სტატუს-კვო არ შეცვლილა, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან. ჩვენი მოქალაქეების გატაცება მიმდინარეობს, მათი ციხეებში ჩასმა დროებით. სამწუხაროდ, გვაქვს ბევრი ტრაგიკული ფაქტიც, მათი მოკვლის, თუ გარდაცვალების. ეს არის ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამხელა რისკები და რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში.

პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, იქნებოდა ეს გაეროს რეზოლუცია, ეუთოს ფორმატში, ევროკავშირის ფორმატში, ევროპის საბჭოს ფორმატში- ჩვენ ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით ამ რეზოლუციების თანასპონსორი, თანაორგანიზატორი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ომის დანაშაულები უკრაინაში. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი და გასაგები. რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარული ვართ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ისევე როგორც პოლონეთს, საქართველოს უკრაინასთან აკავშირებს სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია. ცხადია, ჩვენ კვლავაც ვიქნებით უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. რა თქმა უნდა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ გადავუხადო მადლობა პოლონეთს და მის პრემიერ-მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც პოლონეთმა გამოიჩინა საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციისა და ჩვენს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების უკრაინაში ტრანსპორტირების პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის.

შეხვედრაზე ჩვენ ვრცელი საუბარი გვქონდა, ასევე საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებულ განაცხადზე, რაც მართლაც ისტორიული ნაბიჯია და ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილება, ჩვენი ხალხის არჩევანი. რა თქმა უნდა, პოლონეთისგან, როგორც ჩვენი ევროინტეგრაციის ერთგული მხარდამჭერისგან, მე მჯერა და მოვისმინე პრემიერ-მინისტრისგან, რომ საქართველოს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა პოლონეთისგან ამ გზაზე.

კარგად გვესმის, რომ ეს არის გრძელი გზა, გვჭირდება რეფორმების განხორციელება, მომზადება ქვეყნის, ეკონომიკის განვითარება, ბევრი პრობლემის დაძლევა, რათა ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი. ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის ლიდერებისგან, რომ დაჩქარებულად რომელიმე ქვეყნის მიღება ევროკავშირში არ იგეგმება და ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებულნი, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ასოცირების შეთანხმებას ვგულისხმობ, სხვათა შორის, მე მოვაწერე ხელი ამ შეთანხმებას 2014 წელს, ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში. მას შემდეგ, ჩვენ გვქონდა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე, როგორებიცაა - თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. ამიტომ, ამ პროცესში კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პოლონეთს, როგორც ჩვენს ერთგულ მეგობარს და საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერს.

ასევე, განვიხილეთ სექტორული თანამშრომლობა. აღვნიშნეთ, რომ არსებობს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ტურიზმი და სხვა სექტორული მიმართულებები. უფრო გავააქტიუროთ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიზნით და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ.

კიდევ ერთხელ მინდა, ჩემს ძვირფას კოლეგას, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მივესალმო და მადლობა გადავუხადო მას და მის დელეგაციას საქართველოში პირველად ჩამობრძანებისთვის, მადლობა მას ამ ვიზიტისთვის!
სიტყვას გადავცემ ჩემს კოლეგას. დიდი მადლობა.


პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მათეუშ მორავიეცკი:

ბატონო პრემიერო,
ძვირფასო ქართველო მეგობრებო,

მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა შესაძლებლობა, პირველად ვსტუმრებოდი თქვენს ლამაზ ქვეყანას, რომელთანაც პოლონეთს აკავშირებს სიღრმისეული მეგობრობა, როგორც ემოციური, ისტორიული, სტრატეგიული, პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თუ ყველა შესაძლო კუთხით. თუმცა დღევანდელი ვიზიტი ემთხვევა განსაკუთრებულ გარემოებებს და ამაზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. ეს გარემოებები აყენებს ჩრდილს ჩვენს ორ არაჩვეულებრივ ერს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებას. ეს გარემოებებია რუსეთის მიერ განხორციელებული უპრეცედენტო, სასტიკი თავდასხმა უკრაინაზე - პოლონეთის მეზობელსა და საქართველოს შორეულ მეზობელზე. ეს არის ის მომენტი, როდესაც აუცილებელია, გავიხსენოთ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს თბილისში ნათქვამი სიტყვები, რომლებიც სამწუხაროდ, წინასწარმეტყველება აღმოჩნდა: „დღეს საქართველოა, ხვალ - უკრაინა, ზეგ - ბალტიისპირეთის ქვეყნები და შემდეგ კი, შესაძლებელია, ჩემი ქვეყნის, პოლონეთის ჯერიც დადგეს". ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს სიტყვები, რადგან ვიცით, რომ მაშინ ეს სიტყვები დაცინვის საგანი გახდა, ზოგიერთს ესმოდა ეს, ზოგს - არა. მართალია, მაშინდელი დროის „უძლეველებს" და პოლონეთის წინა მთავრობას ესმოდათ ეს სიტყვები, მაგრამ უგულებელყოფდნენ მათ მნიშვნელობას. მაგრამ ეს წინასწარმეტყველება ჩვენს თვალწინ ახდა, ამიტომაც დღეს ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ. სწორედ ამიტომაა დღეს ასეთი მნიშვნელოვანი ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ დიდი პოლიტიკური კრიზისის დასამარცხებლად, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო თავდასხმით უკრაინაზე. სწორედ აქედან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკისთან, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერებთან ერთად ვეწვიეთ კიევს, რათა ხაზი გაგვესვა იმისთვის, რომ ჩვენ არ შევეგუებით რუსეთის ასეთ პოლიტიკას. ჩვენ განცვიფრებულები ვართ უკრაინელი ხალხის თავდადებით, რომელიც იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და ამავდროულად იბრძვის საქართველოს, პოლონეთის უსაფრთხოებისთვის, ევროპული ფასეულობებისთვის. მსურს, საქართველოდანაც გავაჟღერო, რომ საქართველოს პრემიერთან ერთად მიგვაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპული ფასეულობების დასაცავად მებრძოლი უკრაინელების მხარდასაჭერად.

პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის დიდი დამცველი იყო. დღევანდელი ომი და რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინაში სრულიად ეწინააღმდეგება ფასეულობებს, რომლებსაც მხარს უჭერენ პოლონეთი, საქართველო, ევროკავშირი. ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესაჩერებლად. რისი გაკეთება შეიძლება დღეს? შესაძლებელია სანქციების პაკეტის მიღება, დამტკიცება და გამოყენება. სანქციების ესა თუ ის პაკეტი მტკიცდება ევროკომისიის, ევროპული საბჭოს მიერ - მათ აქტიურად უჭერს მხარს პოლონეთი. ჩვენ ახალი სანქციების ავანგარდში ვართ - ომის ყოველ ახალ დღესთან ერთად, თითოეული დაბომბილი შენობისა თუ ბარბაროსულად მოკლული ადამიანის სიცოცხლის ფასად, უფრო ძლიერი სანქციები უნდა დავაწესოთ. ამის შესახებაც ვესაუბრე ბატონ პრემიერს, რადგან ევროპაში დადის ხმები, რომ საქართველო, შესაძლოა, არ უჭერს მხარს ყველა სანქციას. პრემიერმა დამარწმუნა, რომ ეს ასე არ არის. მან აღნიშნა, რომ ცდილობს, გააკეთოს ის, რასაც აკეთებს თავისუფალი, დემოკრატიული სამყარო უკრაინის დასახმარებლად თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. საქართველოზე უკეთესად ვის უნდა ესმოდეს ეს - რომლის 20% დღემდე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენული და დემოკრატიული საქართველოს 20%-ს შეადგენს. ამიტომაც, ამ ადგილიდან მსურს მხარდამჭერი სიტყვებით მივმართო ჩვენს მეგობარ ქართველებს, რომლებიც მაშინდელი რუსული აგრესიის შედეგად, რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაში დღესაც ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ, პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში, ევროპაში გაწევრიანებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ თითოეულ სუვერენულ ერს შეუძლია, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი მომავალი. საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია, ევროკავშირშია. ამიტომაც, ბატონო პრემიერო, მადლობას მოგახსენებთ დღევანდელი გულწრფელი დისკუსიისთვის. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა კარგად, შეიძლება ითქვას, ძალიან კარგად ვითარდება. ძალიან კარგად ვიცით, რომ უფრო უკეთესად შეეძლო განვითარებულიყო, რომ არა ეს რთული პოლიტიკური გარემოებები, რომლებშიც გვიწევს ფუნქციონირება. საქართველოს, პოლონეთს, უკრაინას ჩვენს დიდ მეზობელთან, თქვენი - ჩრდილოეთის მხრიდან, ჩვენი - ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, მშვიდობიანი თანაცხოვრება გვსურს, მაგრამ ვიცით, რომ კრემლში ჯერჯერობით ვერ მიხვდნენ ამას და აგრძელებენ აგრესიული პოლიტიკის გატარებას საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის მიმართ. ამიტომაც, მსურს ხაზი გავუსვა, რომ პოლონეთი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ საქართველოს მისწრაფებას, არა იმიტომ, რომ ვინმეს წინააღმდეგ არის ეს მიმართული, არამედ სურს მშვიდობა, უსაფრთხო გარემოში თანამშრომლობა დემოკრატიულ სახელმწიფოებთან და ჩვენს დიდ მეზობელთან. ჩვენი თანამშრომლობა არაა მიმართული არავის წინააღმდეგ, არამედ ყველას საკეთილდღეოდ.

ბატონო პრემიერო, ქალბატონებო და ბატონებო, ქართველ და პოლონელ ერებს აკავშირებს ისტორიული მეგობრობა, რომელიც დღესაც გრძელდება. დღეს აქ ვარ ამ თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მაგრამ, ასევე უნდა დავასრულო ჩემი გამოსვლა და მადლობა გადავუხადო საქართველოში მოწვევისთვის პრემიერ ღარიბაშვილს. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც შეტანილი აქვს წვლილი პოლონურ-ქართული ურთიერთობების განვითარებაში, რისი ნათელი მაგალითია დღეს ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნა - ადამიანის, პრეზიდენტის, რომელსაც სჯეროდა თავისუფლების, სუვერენული ერების თანამშრომლობის და ეყო იმის სიმამაცე, რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღო საჭირო დროს. მან გააერთიანა ჩვენი ერები და ამისთვისაც მსურს, მადლობა გადავუხადო აწ გარდაცვლილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის. დღევანდელი ჩვენი მეგობრობა მოვიმკეთ სწორედ იმ დათესილი ქმედებების შედეგად რომლებიც დათესა პრეზიდენტმა კაჩინსკიმ. დიდი მადლობა!