საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ქედაში მშრალი ხილის საწარმოში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-03

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში მშრალი ხილის საწარმო „კერკი" დაათვალიერა. მთავრობის მეთაური საწარმოს მფლობელებს და დასაქმებულებს გაესაუბრა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი ტიპის საწარმოების არსებობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების, ასევე ადგილზე წარმოების განვითარების თვალსაზრისით.

„კერკი" ხუთი სახის პროდუქციას - ჩირს, ტყლაპს, ჩურჩხელას, ცუკატს და თხილეულს აწარმოებს. საწარმო 2021 წელს ამოქმედდა სახელმწიფო პროგრამების, სოფლის განვითარების სააგენტოს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აგროსერვის ცენტრის,ასევე ევროკავშირის, USAID-ის და „თიბისი ბანკის" მხარდაჭერით.

საწარმოს ინვესტიციის სრული მოცულობა 750 000 აშშ დოლარია, დასაქმებულია 30-ზე მეტი ადგილობრივი.

საწარმოში პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური