საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად აშშ-ში; საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ილია დარჩიაშვილს ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-04

მთავრობის შემადგენლობაში ჩვენ კიდევ ერთი ცვლილება განვახორციელეთ და მინდა, ამის თაობაზე ვაცნობო საზოგადოებას; ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა დავით ზალკალიანს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა. პრემიერმა, აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს მთავრობის სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადაიყვანოს არსებული ურთიერთობები.

„მინდა, პირველ რიგში ბატონ დავითს დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის, მას აქვს უზარმაზარი გამოცდილება. იგი 30 წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას, მის მშობლიურ უწყებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობაზე და მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მონაწილეობა მიღებული ამ 30 წლის განმავლობაში. ჩვენი მთავრობის დროს, მოგეხსენებათ, ბატონი დავითი ჯერ იყო მინისტრის მოადგილის, შემდეგ კი მინისტრის რანგში, მონაწილეობდა - იქნებოდა ეს ევროკავშირთან ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია, თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სხვა საქმე. ჩვენი გუნდის და მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით მინდა, მადლობა გადავხადო კიდევ ერთხელ და ვუსურვო წარმატება მას შემდგომ საქმიანობაში. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენ, ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების მქონე კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიყვანოთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს," - აღნიშნა პრემიერმა.

საგარეო საქმეთა მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილმა ილია დარჩიაშვილი დანიშნა, რომელიც დღემდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ილია დარჩიაშვილის განათლებასა და გამოცდილებას და აღნიშნა, რომ იგი წარმატებული მინისტრი იქნება.

„მინდა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ბატონი ილია დარჩიაშვილი. ილიას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში, საჯარო სექტორში, მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მჯერა, რომ ილია წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება. წლების წინ ის მუშაობდა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო, მანამდე პოლონეთის საელჩოში მუშაობდა და ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში. მჯერა, ილია წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება და წარმატებას ვუსურვებ მას. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა და ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად ამ გზაზე გვჭირდება შემართებით მუშაობა და ჩვენი ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება. ბატონებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს დავით ზალკალიანმა და ილია დარჩიაშვილმა. დავით ზალკალიანმა ილია დარჩიაშვილს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში გააგრძელებს მუშაობას საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებაზე. წინამორბედს მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული ქართველი დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური