საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას, დაფინანსების ჯამური მოცულობა 3 მლრდ ლარამდე იქნება, დასაქმდება 20 000 ადამიანი ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-18

ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მიზნით და იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ეკონომიკურ ზრდას, მინდა, ჩვენს საზოგადოებას გავაცნო ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; დავამუშავეთ ჩემს მიერ რამდენიმე კვირის წინ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც ეხება ზოგადად ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას და დღეს უკვე ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


პრემიერმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელიც წელსვე დაიწყება და მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

„მინდა, სამინისტროების მიხედვით ჩამოვთვალო ის დიდი, მასშტაბური პროექტები, რომლებსაც დავაფინანსებთ. სამუშაოების დაწყება გვინდა წელსვე და დაახლოებით 3 წელში გვინდა, რომ ყველა სამუშაო, რომელსაც ჩამოვთვლი, იყოს დასრულებული. დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით 3 მლრდ ლარი იყოს. ჩვენ ამ ეტაპზე 2 მლრდ ლარით დავიწყებთ, 2 მლრდ-ის სამუშაოები, პროექტები იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და მინდა, რამდენიმე პროექტი გაგაცნოთ. პროგრამის განხორციელებით 20 000 ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება. ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, მოიზიდონ ჩვენი გარანტიით, გარანტირებული დაკვეთით, დამატებითი ფინანსური რესურსი და ჩაერთონ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ერთის მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ და მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი ეკონომიკას დაეხმარება. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. მთავრობა საკუთარ პროექტებს განახორციელებს ვადაზე ადრე,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება, მათ შორის, აშენდება 80 ახალი სკოლა, აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება - 412.

„ბოლო 8-9 წლის განმავლობაში 175 სკოლა ავაშენეთ და 240-მდე სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ჯამში 800 სკოლის მოწესრიგებას შეეხება აღნიშნული პროექტი. ბიუჯეტი იქნება დაახლოებით მილიარდი ლარი და ჩვენ რვაასივე სკოლას, როგორც აღვნიშნე, ნაწილს გავარემონტებთ, ნაწილს ნაწილობრივ და 80 ახალ სკოლას ავაშენებთ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ეს უნდა იყოს ჩვენი ახალი ამოცანა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ასევე შევაფასეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობაც, რომელიც კრიტიკულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბევრი საბავშვო ბაღი, განსაკუთრებით რეგიონებში, ამიტომ, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412 ბაღი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ძალიან ჯანსაღ გარემოში, ამიტომ, მათთვის აუცილებელია, რომ სკოლები, ბაღები იყოს იდეალურ მდგომარეობაში, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი,"- განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება.

„ჩემი და ბატონი მინისტრის დიდი სურვილია და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი ჯიქიას ქუჩაზე განხორციელდეს, სადაც განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნულ ბაზას სხვა ადგილზე გადავიტანთ და ამ ადგილზე 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, რომ 1000-ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს, სექტემბერში ჩაბარდებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდებათ ჩვენს პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის ეკვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს. ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი, ეს უნდა გაგრძელდეს, დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის. ჩვენი ვალია, შესაბამისად, ღირსეულად დავუფასოთ სამსახური იმ ადამიანებს, რომლებიც თავს სწირავენ ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასევე დაგეგმილია პოლიციის ყველა შენობის და ბაზის რეაბილიტაცია და ერთიან, ევროპულ სტანდარტში მოქცევა, აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 300-350 მლნ ლარს შეადგენს.

„პოლიციის ყველა შენობის გარემონტება, განახლება, რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე იგეგმება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზების რეაბილიტაცია და მათი ერთიან სტანდარტში მოყვანა. სამუშაოები დაიწყება სასაზღვრო პოლიციაში - ახალ სექტორებს ავაშენებთ, არსებულს გავარემონტებთ ყველგან და ერთიან ევროპულ, თანამედროვე სტანდარტში მოვაქცევთ ყველა ბაზასა და შენობას. მოსახლეობის ზრდასთან ერთად, გაჩნდა ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროება. დაგეგმილი გვაქვს ახალი პროექტები და, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში აშენდება პოლიციის ახალი შენობები. აღნიშნული სამუშაოების სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 300-350 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელსვე უნდა დაიწყოს და ჩვენი სურვილია, რომ ეს ყველაფერი სამ წელიწადში დასრულდეს",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით. პრემიერმა გამოყო სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი, თანამედროვე ბაზის მშენებლობა, საუბარია ე.წ მუხროვანის ბაზაზე, სადაც მასშტაბური სამუშაოები წელსვე დაიწყება.

„ჩვენი სურვილია, რეგიონში ეს იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო ბაზა, ე.წ მუხროვანის ბაზა. იქ დაწყებულია სამუშაოები, მაგრამ ძალიან დიდი მასშტაბის სამუშაოებზეა საუბარი, რომელიც წელსვე დაიწყება და მაქსიმუმ 2-3 წელიწადში დასრულდება და გვექნება ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, სამაგალითო თანამედროვე სამხედრო ბაზა, სპეციალური ოპერაციების ბაზა. ასევე გვინდა, აღმოსავლეთ საქართველოშიც ავაშენოთ კადეტთა ლიცეუმი. მოგეხსენებათ, კადეტთა ერთი ლიცეუმი არსებობს ქუთაისში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში და გვინდა, ანალოგიური კადეტთა ლიცეუმი ავაშენოთ თბილისში, კრწანისის რაიონში. ეს იქნება ახალგაზრდების სამხედრო, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი. მსგავსი ლიცეუმი ძალიან წარმატებით მუშაობს ქუთაისში და მეორე იქნება თბილისში", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე იგეგმება სამხედრო მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობის დაწყება, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო დროებით შეჩერდა და ეს პროექტიც მივა ბოლომდე.

მთავრობა მასშტაბურ პროექტს იწყებს დევნილების ბინებით უზრუნველყოფის მიმართულებითაც. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ათასობით დევნილს დაუკანონდა და გადაეცა ბინები, მათ შორის „სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ შეუძინა სახლები, გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია და ძალიან ბევრ, ათასობით დევნილს ჯერ ისევ არ აქვს ბინა.
„ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, 13 ათასამდე დევნილი ოჯახი მიიღებს ბინებს მომდევნო 3-4 წელიწადში. მათგან ნაწილს დაუკანონდება, ნაწილს, დაახლოებით 6 ათას დევნილს გადაეცემა სახლები „სოფლად სახლის" ფარგლებში და 7 ათასი დევნილი ოჯახისთვის აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების კორპუსები და მათ გადაეცემათ თანამედროვე სტანდარტების ბინები სრული რემონტით, რაც ჩვენი ვალდებულებაა. ქუთაისში წელს სრულდება 700 ბინის მშენებლობა, რომელიც დევნილ ოჯახებს შემოდგომაზე გადაეცემათ და გაზაფხულზე, ახლა, როგორც აღვნიშნე, დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც მაქსიმუმ 3-4 წელიწადში უნდა დასრულდეს", - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, დაგეგმილია, ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო 3 წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24-საათიანი წყალმომარაგება ჰქონდეს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს.

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი დაფინანსდება, დაახლოებით, 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება.

„რეგიონებში წყალმომარაგების პრობლემა არის ჯერ კიდევ მოუგვარებელი, გადაუჭრელი. ჩვენი გადაწყვეტილებით, ბატონ ირაკლი ქარსელაძესთან გავიარეთ ეს საკითხი და გვაქვს დაგეგმილი, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მომდევნო 3 წელიწადში დასრულდეს წყალმომარაგების პროექტი და 24-საათიანი წყალმომარაგება უნდა მიეწოდოს ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს. აღნიშნული პროექტი დაფინანსდება, დაახლოებით, 350 მლნ ლარით და მაქსიმუმ 2025 წელს ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალი. ასევე მინდა აღვნიშნო მელიორაციის საკითხი. 2 დღის წინ ვიმყოფებოდით ახმეტაში და იქ მოსახლეობასთან საუბარში გამოიკვეთა, რომ არსებობს ძალიან დიდი მიწის ფართობი, სავარგულები, რომელიც არის დამუშავებული, მაგრამ არ აქვთ სარწყავი წყალი, ასე, რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია დღეს ქვეყანაში. ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 3 წელიწადში, 200 000 ჰექტრამდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ფერმერებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. მათ შეეძლებათ, მეტი ფართობები დაამუშაონ და ისარგებლონ ამ ჩვენი სიმდიდრით, რომელიც არის მიწა. ამას უკავშირდება სწორედ ის პროექტი, რომელიც ჩვენ 2 დღის წინ დავაანონსეთ ბატონ რატი ბრეგაძესთან ერთად - მიწის რეგისტრაცია, რომელიც აუცილებელია. 1 200 000 ჰა მიწა დღეს არის დაურეგისტრირებელი. არის სრული ქაოსი და არ ვიცით, ვის ეკუთვნის ეს მიწა, არის სახელმწიფოსი, კერძო სექტორის, თუ ა.შ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია და ინტეგრირდება ჩვენს პროექტებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი იქნება სპორტი და კულტურა; საჭირო პროექტები გავლილია მინისტრ თეა წულუკიანთან და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება ყველა თეატრის რეაბილიტაცია, ასევე, ყველა მუნიციპალიტეტში აშენდება სპორტული კომპლექსი.

პრემიერმა განსაკუთრებით გამოყო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება, ეს არის მთავრობის სურვილი.

„სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონების რეაბილიტაცია იგეგმება, ყველა მცირე ზომის ე.წ. მინი-სტადიონების სრული განახლება-რეაბილიტაცია მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და ასევე ჩემი სურვილია და ჩვენ ამის თაობაზე ვისაუბრეთ, რომ უნდა დავიწყოთ, ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსების მშენებლობა. ეს შეიძლება იყოს გარდამავალი პროექტი და 3 წელიწადში ვერ ჩაეტიოს, მაგრამ 3-დან 5 წლამდე ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ავაშენოთ სპორტული კომპლექსი, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერის განცხადებით, ორთაჭალაში აშენდება ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას.

„ეკონომიკის სამინისტროს, მაგალითად 7 წელია არ აქვს თავისი შენობა, რაც რა თქმა უნდა, სირცხვილია. ამიტომ, ბატონ ლევან დავითაშვილთან ერთად ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც უწყება მთელი თავისი სსიპ-ებით, განთავსდება თანამედროვე სტანდარტების შენობაში. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში დიდი გამოწვევაა არსებული შენობის მდგრადობა და აუცილებელია რეაბილიტაციის დაწყება. გვინდა, წელსვე დავიწყოთ ეს პროექტი, ამას ბატონი ილია დარჩიაშვილი განახორციელებს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ძალიან აქტიური მუშაობა, გვჭირდება 24-საათიანი მუშაობა, დასაქმდება ათასობით ადამიანი და სიკეთე შეეხება ასი ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს. ყველაზე მეტად მახარებს ჩვენი განათლების პროექტი - 800 სკოლა უნდა იყოს ევროპული სტანდარტის მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებული. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, ბატონებო და ქალბატონებო, აქტიური მუშაობისკენ, ჩვენ ახლა გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება იმისათვის, რომ ყველა ეს პროექტი, ამბიციური გეგმა ძალიან მოკლე ვადებში შევასრულოთ,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური