საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-18

.

წელს ძალიან რთული წელია მთელ მსოფლიოში, არაერთი გამოწვევა არსებობს, მათ შორის, ჯერ იყო პანდემია, მერე ეს ომი, დამანგრეველი ომი და ბუნებრივია, ყველგან გაუარესდა მდგომარეობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინფლაცია, ფასების ზრდა და ა.შ. იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარება შევინარჩუნოთ, უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, მოქალაქეებს, ფერმერებს, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული განხორციელების ხელშეწყობა.

„სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 1 ჰა-ზე 300 ლარით, სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები და ბენეფიციარს შეეძლება, მიიღოს ეს სუბსიდია. მათ დაერიცხებათ სპეციალურ აგრობარათზე აღნიშნული დახმარება, სუბსიდია ქულების სახით და შეეძლებათ, გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება, ეს შეეხება დაახლოებით 300 000-მდე ფერმერს, პროექტის ბიუჯეტი 35 მლნ ლარს შეადგენს და ვფიქრობთ, ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე. ამას გარდა, იცით, რომ არა მხოლოდ მცირე მიწის მქონე, არამედ მსხვილ ფერმერებსაც ვეხმარებით, ჩვენ მათ ვუფინანსებთ საბრუნავი სახსრების აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 9%-ის ოდენობით ასევე, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში 22 მარტიდან დღემდე 20 მლნ ლარის სესხები არის გაცემული. ასე, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენი ფერმერების დახმარებას,"- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა საგარეო ვაჭრობის ზრდის მაღალ ტემპზე და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ზრდაა ტურიზმის მიმართულებითაც.

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, მაღალი ზრდის ტემპი ნარჩუნდება. ექსპორტი 26%-ით გაიზარდა და 411 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იზრდება, ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებითაც, მარტში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 175 მლნ აშშ დოლარი. 2019 წლის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, ტურიზმის თითქმის 70%-ით აღდგენას ნიშნავს. იანვარ-მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა თითქმის 400 მლნ დოლარი შეადგინა. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური