საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 1-ლი ივნისიდან 150 ლარამდე გაიზრდება ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-18

ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი; დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ მიმართულებით ჯამური ბიუჯეტი წელს 341 მლნ ლარი იქნება და დახმარება მომავალ წელსაც გაგრძელდება.

„მინდა, საუბარი დავიწყო ბავშვთა უფლებების დაცვით. მოგეხსენებათ, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, გახსოვთ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, მანამდე იყო 50 ლარი და გახდა 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება გახდეს 150 ლარი. თითო ბავშვზე აღნიშნული დახმარება შეადგენს 150 ლარს, პირველი ივნისიდან. ამ მიმართულებით 341 მლნ ლარი იქნება წელს ჯამური ბიუჯეტი. დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ აღნიშნული გაგრძელდეს ყოველ წელს, იმიტომ, რომ ბავშვებზე ზრუნვა არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვაღელვებს სოციალურად დაუცველი ადამიანების მდგომარეობა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 000-ზე მეტ ბავშვს. ასევე იცით, რომ ვგეგმავთ სხვა დახმარების გაცემას და გაზრდას, მათ შორის, სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორიც არის, მაგალითად დასაქმების პროგრამა და სხვა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ეს მიზნობრივი დახმარება სწორედ ამ მიზნით და მიმართულებით არის გაკეთებული", - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური