საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ქრისტიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ქრისტე აღდგა! მე მინდა ჩვენს ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა ვუსურვო ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-24

  ..

ყველა ქრისტიანს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ქრისტე აღდგა! მე მინდა ჩვენს ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა ვუსურვო-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ძალიან საინტერესო, ღრმა და ბრძნული იყო.

"მე მინდა ყველა ქრისტიანს მივულოცო დღევანდელი დღე, ქრისტე აღდგა! მე მინდა ჩვენს ერს, ჩვენს ხალხს ვუსურვო მშვიდობა, სტაბილურობა. დღევანდელი დღე უკავშირდება იმედს, განახლებას და ჩვენს რწმენას, უკეთესი მომავლის, უკეთესი ხვალინდელი დღის. მე მინდა ყველას გისურვოთ, რომ ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობის მომტანი, განახლების მომტანი. ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ ყველას.

ჩვენი ბრძენი პატრიარქის ყოველი სიტყვა არის ბრძნული და დასაფიქრებელი, როგორც ყოველთვის იყო ძალიან საინტერესო, ღრმა და ბრძნული", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიო მუჯირთან, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

საზეიმო წირვის დაწყებამდე, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა მრევლმა საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე მოისმინა.

სააღდგომო ლიტურგიაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური