საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-05-31

  ..

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს.

შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხები. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. სომხეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამშვიდობო დიალოგის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. განიხილეს ვაჭრობის სფეროში არსებული თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 170.49 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა. ხაზი გაესვა, რომ სომხეთსა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრი რობერტ ხაჩატურიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ტატევიკ კარაპეტიანი ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური