საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-08-01

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან არაიკ ჰარუთიუნიანთან შეხვედრა გამართა.

ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა არაიკ ჰარუთიუნიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტს და მაღალი შეფასება მისცა საქართველო - სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც არის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი.

არაიკ ჰარუთიუნიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გულთბილი მოკითხვა გადასცა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს გულთბილი მოკითხვა გადასცა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური