საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

კონსტიტუციის დღის მილოცვა

2022-08-24

გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!

1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის უმთავრესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია.

უზენაესი კანონი, რომელიც ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციას - თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ სამართლებრივ დოკუმენტს ეფუძნება, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველმხრივი განვითარების საფუძვლებს ქმნის.

იგი ასახავს საზოგადოების შეთანხმებას ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ხალხის საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს; ამკვიდრებს და იცავს კანონის უზენაესობას, თითოეული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; განსაზღვრავს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ცხოვრების მიმართულებებს; კონსტიტუცია ქართველი ხალხის უმთავრესი დასაყრდენია ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესში.

უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი