საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის განცხადება ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე ამოსაბეჭდი ვერსია

2022-08-29

წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო და სხვა ოპერაციებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეისთვის არსებული ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია და კარგ მდგომარეობაშია.

„ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია, კარგ მდგომარეობაშია, ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ამის თაობაზე განხილვა გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისთვის იქნა შეძენილი წინა მთავრობის დროს და რამდენიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ, ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას, ვინც ამ მძიმე გამოწვევების პროცესში იყო ჩართული.

„მინდა შევეხო ხანძრების საკითხს. ჩვენ ყველანი ვართ ძალიან შეწუხებულები. ბოლო 10 დღეა ვებრძვით აქტიურად ხანძარს. პრაქტიკულად, ყველა რეგიონში იყო ხანძარი. ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ჩართული იყო თავდაცვის ძალები. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარს, ჩვენს პოლიციას, ჩვენს საამაყო სამაშველო სამსახურს, სატყეო სააგენტოს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ყველას, ვინც ამ მძიმე გამოწვევების პროცესში იყო ჩართული. ხანძარი თავიდან გავრცელდა ბორჯომში, შემდეგ უკვე გავრცელდა სხვადასხვა რაიონებზე და სოფლებზე, მაგრამ თითქმის ყველგან პრაქტიკულად ლოკალიზებულია, ლიკვიდირებულია ხანძარი", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოს, თურქეთის რესპუბლიკას მადლობა გადავუხადო და პირადად პრეზიდენტ ერდოღანს. მინდა გითხრათ, რომ როგორც კი მას გადასცეს ჩვენი თხოვნა, საგარეო საქმეთა მინისტრი ესაუბრა თავის კოლეგას და გადასცა ჩემი თხოვნა დახმარების თაობაზე. მან იმავე წამს დავალება გასცა და სულ რაღაც ერთ საათში ჰაერში იყო უკვე გამოგზავნილი სამი თვითმფრინავი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ და ამ დახმარებას არ დავივიწყებთ ქართველები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მათ, მფრინავებს განსაკუთრებით. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო მაშველებს, პოლიციელებს, ჯარს და ყველას", - განაცხადა პრემიერმა.

ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ ხანძრები შესაძლოა ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, შესაძლოა ეს ძალიან დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული, არის ვერსიები, რომ შესაძლოა ეს იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ძალიან ბევრ ადამიანს გაუჩნდა განცდა იმისა, რომ შესაძლოა ეს ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობით იყო გამოწვეული, შესაძლოა ეს ძალიან დიდი სიცხის გამო იყო გამოწვეული, არის ვერსიები, რომ შესაძლოა ეს იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერია გამორიცხული, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს. ჩვენ არაფრის გამორიცხვა არ შეგვიძლია, ვინაიდან, ვიცით რა სწორედ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები, არაფერია გამორიცხული, ამიტომ, გამოძიებამ ყველა მიმართულებით უნდა იმუშაოს და ყველა ვერსიაზე უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი და მე ვიცი, რომ ასეც იქნება.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. უკვე პრაქტიკულად, რამდენიმე კვირაა, წვიმა არ მოსულა, რთული ვითარებაა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ხანძრები მთელს ევროპაშია მოდებული, ამერიკაშიც, ყველგან და ეს დიდი გამოწვევაა. ასე, რომ მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ასეთ საკითხებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას გონივრულ ვადებში ბორჯომის ხეობაში დამწვარი ტყეების, მათ შორის 2017 წელს დაზიანებული ფართობების აღდგენის გეგმა და შესაბამისი პროგრამის წარმოდგენა დაავალა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური