საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ამოსაბეჭდი ვერსია

2022-08-29

იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მან დაავალა შესაბამის უწყებებს და მიმდინარეობს მუშაობა  ბაღების ანალოგიურ პროექტზე.

„წინა კვირას გვქონდა შეხვედრა ბატონ მიხეილ ჩხენკელთან. ჩვენ გავიარეთ დეტალურად 800 სკოლის რეაბილიტაციის პროექტი. იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს. სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება ტენდერი 80 ახალ სკოლაზე და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე. დანარჩენი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერები გამოცხადდება 2023-2024 წლებში. ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება 2026 წლამდე. 2024 წლამდე გვინდა, რომ 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოვასწროთ. ეს არის ჩვენი გეგმა. გარდა ამისა, მე დავავალე შესაბამის უწყებებს და ახლა ვამუშავებთ ბაღების ანალოგიურ პროექტს. გვინდა, რომ ახალი პროგრამა გამოვაცხადოთ. მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტსა და სოფელში ბაღები სავალალო მდგომარეობაშია. სკოლების გარდა აუცილებელია, რომ საბავშვო ბაღებიც იყოს გამართული, ევროპული სტანდარტის. ისე, რომ ღირსეულ პირობებში იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, საბავშვო ბაღიდან დაწყებული, სკოლებში და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში. ასე, რომ ამ პროგრამას მოვამზადებთ უახლოეს რამდენიმე კვირაში. ამ პროცესში ჩართულია ბატონი ირაკლი ქარსელაძე და ლერი ბარნაბიშვილი და ამის თაობაზე ინფორმაციას დეტალურად წარმოგიდგენთ მიხეილ ჩხენკელი, თუ რას ვგეგმავთ და როდის დაიწყება ბაღების რეაბილიტაციის პროგრამაც", - განაცხადა პრემიერმა.

მას შემდეგ რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და შემოვიდა ხარისხიანი თურქული წამლები საქართველოში ჩვენმა მოქალაქეებმა დაახლოებით 80 მილიონ ლარამდე დაზოგეს ანუ ნაკლები გადაიხადეს წამლებში ვიდრე ისინი გადაიხდიდნენ რომ არ გაგვეხსნა თურქეთის ბაზარი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება სხვა საკითხებს, ბოლო თვეების განმავლობაში მოგეხსენებათ რომ წარმატებული აღმოჩნდა კიდევ ერთი ჩვენი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასების შემცირებას და მინდა ვთქვა რომ მას შემდეგ რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და შემოვიდა ხარისხიანი თურქული წამლები საქართველოში ჩვენმა მოქალაქეებმა დაახლოებით 80 მილიონ ლარამდე დაზოგეს ანუ ნაკლები გადაიხადეს წამლებში ვიდრე ისინი გადაიხდიდნენ რომ არ გაგვეხსნა თურქეთის ბაზარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს აღნიშნული დაზღვეული და ფასების გაზრდა არ მოხდეს.

„ამას გარდა ბატონი ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს რომ კიდევ უფრო მეტად დავაზღვიოთ აღნიშნული, ფასების გაზრდა რომ არ მოხდეს ან რაიმე შეთანხმება რომ არ მოხდეს, ამიტომ ახლა ბატონი აზარაშვილი მუშაობს იმაზე რომ დაწესდეს რეფერენტული ფასებიც ამის თაობაზე ბატონი ზურა დეტალურად აუხსნის ჩვენს მოქალაქეებს, რომ არც ერთ კომპანიას, არც ერთ იმპორტიორს არ მიეცეს საშუალება ფასებით მანიპულირების და ასე შემდეგ ან რაიმე შეთანხმებები არ მოხდეს ერთმანეთს შორის", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური