საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი – იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა, და ასევე მინდა ვთქვა, რომ მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 47 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი ამოსაბეჭდი ვერსია

2022-12-05

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბიზნესსექტორში მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 000-ით და ჯამში 723 000 შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

„ახლა რამდენიმე სხვა საკითხზე მინდა გადავიდე. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა საქსტატის ბოლო მონაცემები. იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა, და ასევე მინდა ვთქვა, რომ მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 47 მილიარდი ლარი შეადგინა. ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. ბიზნესს მინდა კიდევ ერთხელ მივმართო. ბიზნესმა ყველაზე კარგად იცის, - ქვეყანაში რომ არ იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, არავითარი ბიზნესის ბრუნვის ზრდა, დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა არ იქნებოდა. ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. გარდა ამისა, იცით, რომ სამუშაო ადგილები გაიზარდა და რეკორდული ზრდა არის სამუშაო ადგილების. ბიზნესსექტორში მესამე კვარტალში სამუშაო ადგილები გაიზარდა 45 000-ით და ჯამში შეადგინა 723 000, რაც რეკორდული მაჩვენებელია და, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა ამ მაჩვენებელმა", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადის ეგრეთ წოდებულ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან. მათთვის შენარჩუნებული იქნება მოგების გადასახადის არსებული სისტემა და 15%-ის ნაცვლად, 20%-ს გადაიხდიან.

პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით მთავრობა 2024 წლიდან დამატებითი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს.

„მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, რომ ეკონომიკური საბჭოს ფორმატში ჩვენ გვქონდა განხილვა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის, ბიზნესსექტორს, საბანკო სექტორს. პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ჩვენ საფინანსო სექტორისთვის მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება - ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ეგრეთ წოდებულ ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდება. ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში, იმიტომ, რომ უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ, 2 მილიარდი ლარი იქნება ბანკების მოგება წელს, წლის ბოლომდე, 2 მილიარდი ლარი სუფთა მოგება. ამას გარდა, ჩვენი გადაწყვეტილებით და ინიციატივით პარლამენტს, რა თქმა უნდა, მივმართავთ ამის თაობაზე. მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა, და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვების ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა, ორი მსხვილი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას. მაგრამ ეს არის მცირედი კორექტივები, რომლებიც ჩვენ შევიტანეთ კანონმდებლობაში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საგადასახადო შეღავათები სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დამატებით, 3 წლის ვადით, 2026 წლამდე გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის სხდომაზე გამოტანილია პენიტენციური კოდექსი - „ჩვენ ამ კოდექსს, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ და იმედი მაქვს, რომ პარლამენტიც ერთსულოვანი იქნება და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას, მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული.ორი მნიშვნელოვანი კოდექსი გამოგვაქვს დღეს მთავრობის სხდომაზე. პირველი, მინდა ვთქვა, ეს არის პენიტენციური კოდექსი, და ბატონ რატის მინდა მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა საზოგადოებას შეახსენა, თუ რა გამოწვევები არსებობდა პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე და რა პირობებია ახლა.

„აქვე მინდა კიდევ ერთხელ ძალიან მოკლედ შევაფასო ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები პენიტენციურ სისტემაში. კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობაში ჩავიბარეთ ეს სისტემა. განსაკუთრებით ძალიან დიდი გამოწვევები იყო ამ სისტემაში - ადამიანების წამება, მკვლელობები, გაუპატიურება და საშინელებები ხდებოდა - და მას შემდეგ, 2012 წლის შემდეგ, ჩვენ რეალურად გარდატეხა შევიტანეთ ამ სისტემაში. ეს არის ორიენტირებული ადამიანის ჯანმრთელობაზე. აი, მაგალითისთვის, რომ შევადაროთ, 10 წლის წინ პატიმრები იყვნენ ერთ პატარა ოთახში გამოკეტილი, 20 კვ.მ. საკანში 25-30 პატიმარი იყო შეყვანილი. წარმოიდგინეთ, ესაა წამების ტოლფასი მოქმედება და ამას ემატებოდა ის უბედურება, რაც ხდებოდა, - წამება, ტანჯვა, ცემა, გაუპატიურება, მკვლელობა და ა.შ.,"- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ახალი კოდექსით მთელი რიგი შეღავათებია განსაზღვრული, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის.

„დღეს პატიმრებს შეუძლიათ რეგულარული ვარჯიში, სპორტულ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება, მაგალითად, ბატონი რატის ინიციატივით, შეუძლიათ მიიღონ უმაღლესი განათლება დისტანციურად, ციფრული პლატფორმის მეშვეობით, გავხსენით ბიბლიოთეკები და უამრავი, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მანამდეც, ქალბატონი თეას დროს, უფრო მანამდეც ძალიან ბევრი მინისტრი ემსახურებოდა ამ დიდ სიკეთეს, და ახლა უკვე ახალი ინიციატივებით შემოვიდა ახალი ხელმძღვანელობა და ჩვენ ამ კოდექსს, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ და იმედი მაქვს, პარლამენტიც ერთსულოვანი იქნება და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. აქ არის მთელი რიგი შეღავათები განსაზღვრული, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის. მაგალითად, ფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი დანამატის გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის მიხედვით დანამატს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც კიდევ უფრო მეტად დაფასდება და გამარტივდება მეზღვაურების საქმიანობა.

მეზღვაურებისთვის გვაქვს ასევე ძალიან კარგი ინიციატივა. ბატონი ლევანის უწყებამ მოამზადა აღნიშნული კანონპროექტი. მეზღვაურების საქმიანობა არის მხარდაჭერილი მთავრობის მიერ. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რეფორმა განვახორციელეთ მათთვის და ახლაც, დღევანდელი ინიციატივით, კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ და გავუმარტივებთ მათ საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები გამოიყენებენ 73 საზღვაო სახელმწიფოში, მათ შორის, 20 ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს.

„აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს მეზღვაურები გამოიყენებენ 73 საზღვაო სახელმწიფოში, მათ შორის, 20 ევროკავშირის წევრი ქვეყანა აღიარებს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს და მათ საბუთებს,"- აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ბატონი ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე გაიცემა სუბსიდია.

„რაც შეეხება ციტრუსის სეზონს, ძალიან მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ბატონი ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და გაეცნო ადგილზე სიტუაციას. შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი. ჩვენი მონაცემებით, 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს. ჩვენ საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელ საწარმოში მივიღებთ, ხოლო არასტანდარტულ მანდარინზე გავცემთ სუბსიდიას, რაც კარგი შეღავათი იქნება ჩვენი ფერმერებისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ,,საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. 100 -ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ".

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა მაქსიმალურად გამოიყენოს ეს პოტენციალი.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ბიუჯეტში მინიმუმ 200 მილიონი ლარი ჩადო და დაიწყება ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრული რეაბილიტაცია-განახლება.

„რამდენიმე სიტყვით ასევე მინდა გითხრათ, რომ კურორტების განვითარების გეგმის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ბატონო ლევან, ჩვენ ალბათ ცალკე უნდა გავაკეთოთ პრეზენტაცია, მოვიწვიოთ ბიზნესის წარმომადგენლები, საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, თუ რას ვგეგმავთ ამ მიმართულებით. მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის არსებული მდგომარეობა იქნა შესწავლილი, განვითარების პოტენციალი დამუშავდა. სულ, ჯამში, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ეს დიდი პოტენციალია. ჩვენი ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ აღნიშნული პოტენციალი. უფრო დეტალურად რამდენიმე ხანში გვექნება ცალკე პრეზენტაცია. უნდა გამოვიტანოთ გასაყიდად აღნიშნული კურორტები, მათ შორის, ბალნეოლოგიური კურორტები. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენ ბიუჯეტში ჩავდეთ მინიმუმ 200 მილიონი ლარი, დავიწყებთ ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრულ რეაბილიტაცია-განახლებას - ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, მესტია, წყალტუბო, ბათუმი, ქუთაისი. ასევე ვგეგმავთ მცხეთაში და ვაპირებთ ბარისახო-როშკის მიმართულებით, მანგლისი-სიონის მიმართულებით და ომალოს მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტების განხორციელებას",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე იგეგმება გუდაურში ახალი საბაგიროს აშენება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება.

„გუდაურში ვგეგმავთ ახალი საბაგიროს აშენებას. მისი გამტარუნარიანობა იქნება საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ასევე დავამონტაჟებთ გათოვლიანების სისტემას გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება ჩვენი დამსვენებლებისთვის, მოქალაქეებისთვის, მათ შორის ისეთ სეზონზე, როცა თოვლის არასაკმარისი რაოდენობაა. გათოვლიანების სისტემა დაეხმარება და უფრო კომფორტულად დაისვენებენ ჩვენი მოქალაქეები და არა მხოლოდ მოქალაქეები, ტურისტებიც",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„ქუთაისის ოპერის რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ. ქალბატონი თეა იყო ჩასული ქუთაისში. ჯერ კიდევ შარშან დავიწყეთ ამაზე მუშაობა, პროექტი შედგენილია და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრს, რომლის ბიუჯეტი არის დაახლოებით 21 მლნ ლარი,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური