საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი – მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ტრაგედია ამოსაბეჭდი ვერსია

2022-12-05

მოგესალმებით, მინდა განცხადება გავაკეთო რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, - დიდი დანაკლისი. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში, უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ტრაგედია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წინა შემთხვევების დროს, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით, ადგილზე საელჩოები იყვნენ ჩართული.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. აქვე მინდა ჩვენს საზოგადოებას შევახსენო კიდევ ერთხელ, თუ რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში, და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, მათ წევრებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით, საელჩოები იყვნენ ადგილზე ჩართული. მე ვგულისხმობ წინა შემთხვევებს. ამ ხარჯებს სრულად ფარავს მთავრობა და ასევე ჩვენი გადაწყვეტილებით, ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, ოფიცრები, პოლიციელები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, აგვისტოს ომი იქნებოდა 2008 წლის თუ მანამდე აფხაზეთის ომი და სამაჩაბლოში ომები, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული, და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია,"- აღნიშნა პრემიერმა.

ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს ადამიანები უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას.

„მინდა ვთქვა, რომ ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს, ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე - ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდო, ყალბი პოლიტიკოსები, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს, მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ეს ეგრეთ წოდებული ომის პარტია და, შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ, გამყიდველების პარტია, და რატომ, ამას ავხსნი, - დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებულია ახლაც სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა ჩვენი მთავრობის მიერ თავიდან აცილებული. ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე. რაზე საუბრობენ საერთოდ, დღეს როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ თავად. ეგრეთ წოდებულმა მთავარსარდალმა ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული და მეორე, თავდაცვის მინისტრი, გამოიქცა ბრძოლის ველიდან. ყველამ კარგად ნახა ეს კადრები. დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართული იყვნენ. მათი გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენ მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს ყოველგვარი ყვირილისა და ყოველგვარი პიარის გარეშე. ყველაფერზე პიარის გაკეთება და იაფფასიანი, ამორალური პოპულიზმი შემაშფოთებელია. ეს რაღაც არაქართული მოვლენაა, შეიძლება ასე ითქვას. ქართველი კაცი ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს ჭირისუფალთან, სამძიმარი იქნება ეს თუ ნებისმიერი ფორმით, მოქმედებით გამოხატვა. რასაც სჩადიან პოლიტიკოსები, ეს არის მხოლოდ ამორალური ფარისევლობა და სხვა არაფერი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად ყოველივე ეს თავიდან ავიცილეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, საქართველოს პოლიგონად გადააქცევდნენ.

„მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ საქართველოში გადმოეტანათ მეორე ფრონტი, ჩვენი გონივრული პოლიტიკის შედეგად ყოველივე ეს თავიდან იქნა აცილებული. წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში არიან და იქიდან ცდილობენ ომის დაწყებას და მეორე ფრონტის გახსნას. ერთი წამით რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ადამიანები დღეს ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველოს გადააქცევდნენ პოლიგონად. ვინმეს ეჭვი ეპარება, თუ არ გაუკეთებიათ მანამდე?! საკუთარი ნებით, გადაწყვეტილებით ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიის 20%, კოდორის ხეობა, ასეულობით სოფელი, და ჩვენი ასეულობით გმირი ჯარისკაცი შეეწირა ამ ომებს და მათ ამ გაუთვლელ ნაბიჯებს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, მეგობრებო, და დღეს მსოფლიოსა და ევროპაში ძალიან რთული ვითარებაა. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტით, შემდეგ ევროპის ქვეყნების სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. ჩვენი მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელია. ჩვენ სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული, ეროვნული პოლიტიკა, და არა ომით და, მით უმეტეს, წაგებულ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით.

პრემიერი - „ფეისბუკში" რომ არიან აქტიურები და ვითომ ძალიან ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, „სელფებს" რომ იღებდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს, რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ან უნახავს ვინმეს ომში დაღუპული? ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუკში" რომ არიან აქტიურები და გარკვეული, ვითომ ძალიან დიდი ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, არა კიევში, „სელფებს" რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს, თუ როგორ ცდილობენ ტრაგედიაზე გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას.

„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მინდა... ხალხმა ძალიან კარგად იცის, ხალხი ბრძენია და ყველა კარგად ხედავს, მაგრამ, ვინაიდან ყველა ასეთ მცდელობაზე, ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამიტომ ყოველთვის შევახსენებ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა და მათ არაფერი ესაქმებათ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან ან მის დაცვასთან საერთოდ. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი განცხადებებით გამოდიოდნენ ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდესო საქართველოში, თბილისში. გამოდიოდნენ და ასეთი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი. რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან საერთოდ?! თქვენ ახლა ვინმეს გგონიათ, რომ ამ ადამიანებს უხარიათ დღეს ჩვენთან მშვიდობა რომ არის და ეს სტაბილურობა და ეს კეთილდღეობა? გასაგებია, რომ ჩვენ ყველას ძალიან არ მოგვწონს და ვართ უკიდურესად შეშფოთებულები, რაც ხდება უკრაინაში ამის გამო. მაგრამ შეხედეთ, ნატოს წევრი ქვეყნები, სახელმწიფოები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და მოქმედებას სჭირდება ძალიან დიდი გააზრება და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული. ამიტომ, ჩვენ მაგივრად ისინი ნუ გაირჯებიან. მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველდღე, დილით და საღამოს ჩვენს ხალხს, საზოგადოებას, იმისთვის, რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას. ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროვონ ქვეყნის მართვა."- აღნიშნა პრემიერმა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური