საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2022-12-07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში, მთავრობის წევრებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსვენებული თერთმეტი პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ უკვე წლებია ჩვენ წითელ ჯვართან ერთად ვახორციელებთ ჩვენი გმირების გადმოსვენებას საქართველოში, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, რომ მანამ, სანამ ჩვენ აღვადგენთ კონტროლს აფხაზეთში და ცხინვალში, მანამდე ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების ჩართულობა. წითელ ჯვარს ამ კუთხით აქვს ძალიან, მე ვიტყოდი ფასდაუდებელი როლი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ 11 ჩვენი გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, მათ ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მინდა ჩემი სამძიმარი ვუთხრა მათ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გადმოასვენეს 1990-იან წლებში, აფხაზეთში, შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული სამი სამოქალაქო პირის - გიორგი ჯოხაძის, ოთარ თუთისანის, იური მაჭარაშვილის და რვა მებრძოლის - ოთარ გაგუას, რევაზ კვარაცხელიას, ვახტანგ ხოჯანაშვილის, ბიძინა უშხვანის, ზვიადი უშხვანის, ბორის ბერულავას, სპირიდონ (ფრიდონ) თირქიას, და ხვიჩა დეკანოსიძის ნეშტები.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური