საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა, ევროპაში - 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში - 18-ე ადგილზე ამოსაბეჭდი ვერსია

2022-12-12

ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობა გაორმაგებულია და მილიარდ 675 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კოვიდამდე პერიოდთან შედარებით კი, ეს მაჩვენებელი 70%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგებული მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ ქვეყანაში არსებულ სტაბილურ, მშვიდ ვითარებას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
„მე მინდა დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გავაცნო ჩვენს საზოგადოებას, და პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგება ბოლო ერთ წელიწადში. იმის მიუხედავად, რაც ხდება რეგიონში, მეგობრებო, კარგად მოეხსენება ყველას, რომ უკრაინაში საშინელი ომი მიმდინარეობს, დაძაბულობაა ყველგან, რეცესია, ევროპაში, ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ფონზე, ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელთა საერთო მოცულობამ შეადგინა მილიარდ 675 მილიონი აშშ დოლარი. ეს არის თითქმის გაორმაგება. თუ ჩვენ ამას შევადარებთ წინა წელს, და ასევე, მინდა ვთქვა, რომ კოვიდამდე პერიოდს თუ შევადარებთ, 2019 წელს, მაგალითად, 70%-ით არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ სიტუაციას, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში. პირველ რიგში, ეს არის სტაბილურობა, რომელიც ჩვენ შევქმენით, მშვიდობა, სტაბილური პერიოდი, რომელიც ქვეყანაში დგას, გამჭვირვალობა. მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი მთავრობა ჰყავს დღეს ქვეყანას, როგორი ხელისუფლება, როგორი პოლიტიკა გვაქვს ჩვენ, ზოგადად, ბიზნესის, ინვესტორების მიმართ",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, საქართველომ სერიოზული პროგრესი განიცადა ბოლო პერიოდში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო ევროპაში 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილზე გავიდა.

„მსოფლიო ბანკის კვლევა გამოქვეყნდა რამდენიმე ხნის წინ. მმართველობის ინდიკატორების მიხედვით, ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა ბოლო პერიოდში. მაგალითად, კორუფციის კონტროლი რომ ავიღოთ, - კორუფციის კონტროლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზე გავიდა. ამავე ქვეყნებს შორის, ევროპაში 21-ე ადგილზე და კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილზე გავიდა ჩვენი ქვეყანა კორუფციის კონტროლის მიხედვით. ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ თერთმეტ სახელმწიფოს და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს. ეს არის შედეგი, რომელსაც ჩვენ ბოლო ათწლიანი მმართველობის შედეგად მივაღწიეთ.

მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 30-ე ადგილზეა კორუფციისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულში 18-ე ადგილზე გავიდა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური