საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერი - ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს ამოსაბეჭდი ვერსია

2022-12-12

.

ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს, პარტნიორ კომპანიებს. ესაა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ანაკლიის პორტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წელს ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, ინვესტორის მხრიდან ვალდებულებები არ შესრულდა და პორტი არ აშენდა, რაც არის ძარცვის კლასიკური მაგალითი.

„მეორე საკითხი, რაც მინდა ვაცნობო საზოგადოებას, ეხება ანაკლიის პორტს. ჯერ კიდევ 2016 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს პორტი აშენებულიყო. ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ. მანამდე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ჩვენ ღიად ვსაუბრობდით ყველგან ამ საკითხზე, ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდანაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი და პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, კარგად მოგეხსენებათ ყველას, თუ ვინ არის ეს ეგრეთ წოდებული ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ უნდა მიგვეღო პირველი გემები 2020 წელს, თუ არ ვცდები. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, 3-ჯერ, 4-ჯერ, თუ არ ვცდები, და, ამის მიუხედავად, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს 3 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული, ჩემი ინფორმაციით, დანარჩენი მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან, 20 თუ 25 მლნ დაახლოებით. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, მიწა ჩვენი იყო, და მიწა უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდეც, გზების, რკინიგზის მიყვანას, ასეულობით მლნ უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი არ უნდა მიეღო. ანუ რეალურად ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ, რაც 4-5 წლის მერე ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, მას შემდეგ გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ, - უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება, ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს ედავება მილიარდ ხუთას მილიონს. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა და ჩვენ კარგად ვიცით, რა თქმა უნდა, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა, ეს იყო ჩვეულებრივი გამდიდრების და ძარცვის იდეა.
ამიტომ, ჩვენ ახლა, ამის თაობაზე გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ მე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს, მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს, პარტნიორ კომპანიებს, ესაა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული, კარგად მოგეხსენებათ, ანაკლიაში რაც ხდება ახლა, მტვრის ბუდედ გადააქციეს ეს ადგილი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ ახლა საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით, სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს უცხოურ კომპანიებთან თუ სხვა კომპანიებთან ერთად, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ფოთის პორტზე, არსებული პორტის განახლებასა და გაფართოებაზე. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პორტების განვითარება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„პორტების განვითარება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, რომ ბათუმის პორტი იმართება უცხოური კომპანიის მიერ. ფოთის პორტშიც განსახორციელებელია დამატებითი ინვესტიციები. მანამდე ერთმა ქართულმა კომპანიამ - პეისმა განახორციელა 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია, განახორციელა ახალი ტერმინალების მშენებლობა და, რეალურად, შეიძლება ასეც ითქვას, რომ ეს არის პატარა ახალი პორტი. ფოთის პორტის, არსებული პორტის განახლებისა და გაფართოების იდეა დიდი ხანია უკვე არსებობს. მე რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრთან ერთად შევხვდი ფოთის პორტის მმართველებს და მფლობელებს. მე კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავუდასტურო მათ სრული მხარდაჭერა. ჩვენი სურვილია, რომ ფოთის პორტის გაფართოებაც განხორციელდეს. ბათუმშიც უნდა განხორციელდეს დამატებითი ინვესტიციები და ასევე უნდა აშენდეს ახალი პორტი - ანაკლია. ბოლო პერიოდში ჩვენი კორიდორის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, ძალიან ბევრი ტვირთნაკადი მოდის აზიის ქვეყნებიდან. დიდი სურვილია, რომ ტვირთები წამოვიდეს ჩინეთიდან, იაპონიიდან, სხვა ქვეყნებიდან, ყველა მიმართულებით უნდა ვიყოთ მზად. ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი. სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა ინვესტორს რომლებიც პორტებში განახორციელებენ ინვესტირებას. ანაკლიის პორტს რაც შეეხება, აქ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მთავარი ბერკეტი და 51%-ის მფლობელი იქნება ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ჰესების მშენებლობასა და დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, იგეგმება თბოსადგურების მშენებლობაც და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღება, რაც ჯამში, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაგროვებული 800 მეგავატის მემორანდუმები გაეშვება. წლის ბოლოს 1500 მეგავატზე გამოცხადდება ტენდერი, 2023 წელს კი, დამატებით მეგავატებს გამოიტანენ, როგორც ჰიდროელექტროსადგურების, ისე ქარის და მზის სადგურებზე.
„ბოლო პერიოდში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰესებთან დაკავშირებით. ჰესები იყო გაჩერებული ბოლო 5 წელია, თუ არ ვცდები, 2017 წლიდან და ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მივაღწიეთ შემდეგს - დაახლოებით 800 მეგავატი დაგროვებულია პროექტები, მემორანდუმები, რომლებიც გაეშვება. ამაზე გაფორმებული იყო გამარტივებული შესყიდვის მემორანდუმები, მაგრამ შეჩერებული იყო მთავრობის მხრიდან, ჩემამდე. ეს პროექტები გაეშვება, 800 მეგავატამდე ჰესის ასაშენებლად, ალბათ, მილიარდზე მეტი დაიხარჯება და, ამას გარდა, წლის ბოლოს, 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის 2,5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია. ჯამში, 1500 მეგავატი ცალკე, ახალი დამტკიცებული სქემის მიხედვით, რომელიც ჩვენ უკვე წარვადგინეთ მთავრობაზე და დავამტკიცეთ და მეორე, 800 მეგავატი. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ახლა დამტკიცდება. გაისად, 2023 წელს, ასევე გამოვიტანთ დამატებით კიდევ სხვა მეგავატებს, ჰიდროს მიმართულებით. ჰიდროელექტროსადგურებზე გაკეთდება მთავარი აქცენტი, ასევე ქარის, მზის სადგურებზე. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე და თბოსადგურების მშენებლობას ვგეგმავთ დამატებით, გვინდა, რომ გამოვაცხადოთ ეს ტენდერებიც. აქაც შეიძლება დამატებით დაახლოებით 600 მეგავატი ჯამში, 400 და კიდევ ერთი ინვესტორი, რომელიც 200 მეგავატის ინვესტირებას და თბოსადგურის აშენებას გეგმავს, და ეს, ჯამში, რამდენიმე - 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში",- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში მთავრობა 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას ელოდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო და სიახლეები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგო-ტერმინალებით, ბიზნესავიაციით, გვინდა მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება, და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ, ჯამში, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ქუთაისში ჩვენ გვაქვს ასევე დამატებითი ხედვა, შეიძლება დამატებით კარგოს მიმართულება განვითარდეს და, ჯამში, სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე ახალი IT, ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა იგეგმება.
„მოგეხსენებათ, ქუთაისის პარლამენტის შენობა არის პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩენილი. ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ IT- მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ-ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი IT- ჰაბი, და არა მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-ის სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენს ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს განვითარებაში, და აქაც რამდენიმე ათეული მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო ქუთაისის უნივერსიტეტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომელიც შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული პარტნიორი ამ პროექტში,"-აღნიშნა პრემიერმა.

ჩვენ ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის, ვამზადებთ ამ პროექტს, გონიოში გამოიკვეთა რამდენიმე ინვესტორი და ეს გაგრძელდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების სურვილია გონიოში ახალი დასახლების შექმნა, რომელიც შესაძლოა გახდეს ფინანსური ცენტრიც.

„გონიოში გვინდა აშენდეს რეალურად ახალი ქალაქი, - შეიძლება იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში. თბილისში, თბილისის მერიასთან ერთად ვმუშაობთ 2-3 ახალ პროექტზე, რომელთა შესახებაც რამდენიმე კვირაში, მოგვიანებით, შევატყობინებთ საზოგადოებას,"- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მთელი ქვეყნის გენგეგმაზე, რომ აღარ იყოს ქაოსური განვითარება. პროცესში წარმატებული ევროპული კომპანიებიც ჩაერთვებიან.
მისივე თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, და ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

„ჩვენ ყველა ქალაქის გენგეგმას გავამზადებთ. ბატონი ლევან დავითაშვილის უწყება აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ჩამოვიყვანოთ მაგარი კომპანიები, ყველაზე წარმატებული უცხოური ევროპული კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენს ქართულ კომპანიებთან ერთად და დაიდება ერთხელ და სამუდამოდ მთელი ქვეყნის განვითარების გეგმა. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი,"- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანას ყველა მიმართულებით აქვს სერიოზული პროგრესი, რაც განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება და მეტი აქტიური მუშაობა შემდეგი წლიდან.
„ტურიზმის მიმართულებით, ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე გითხარით, რომ 200 მილიონი გამოიყოფა ამ ეტაპზე, 8-10 ლოკაცია შევარჩიეთ შემდეგი პრინციპით - ყველაზე მეტად მოთხოვნადი და პოპულარული ადგილები - ბორჯომი, ბაკურიანი, ყაზბეგი, ბათუმი, თბილისი და ა. შ. გვინდა, რომ დავიწყოთ სრული ურბანული განახლებისა და რეაბილიტაციის პროექტები. ამას წყალტუბოშიც ვგეგმავთ და დეტალურ გეგმას რამდენიმე ხანში წარმოგიდგენთ.

წარმოების მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები. გრძელდება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბანკების მოგება არის ძალიან გაზრდილი. 2 მილიარდი ლარის მოგება აქვთ ბანკებს, წელს ექნებათ 2 მილიარდი დაახლოებით, ამდენივე ჰქონდათ გასულ წელს. ამიტომ, ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს ფული მიემართოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად. დამატებით ეს ყველაფერი დაბუსტავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. გრძელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, გზების, მაგისტრალების მშენებლობა, სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ ასევე სოფლის მეურნეობაში. მთლიანობაში, ჩვენ ველოდებით სერიოზულ პროგრესს. უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. შარშან მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. წელს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამან მოგვცა რამდენიმე მილიარდი ლარის შემოსავალი დამატებით, რითაც ხელფასები გავზარდეთ, პენსიები გაიზარდა, მიმდინარეობს პროექტების დაფინანსება. დევნილების სახლები იქნება თუ პოლიციისა და ჯარის ქალაქის მშენებლობა, ისევე, როგორც სკოლების მშენებლობა, - 800 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს, ასევე ბაღების რეაბილიტაციის პროექტს ვიწყებთ, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნებით. ყველა მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი. ეს განაპირობა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. რაც მთავარია, ქვეყნის შიდა პროდუქტი, GDP, გაიზარდა თითქმის 30 მილიარდი ლარით ბოლო 2-3 წელიწადში. გაისად მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 80 მილიარდი ლარი. პერ კაპიტა გამოდის თითქმის 7500 დოლარი, 7500 დოლარი იქნება ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. ასე რომ, ეს სერიოზული პროგრესია. კიდევ ვიმეორებ, არავის ვაყვედრით, მაგრამ ეს უნდა იცოდეს ყველამ, განსაკუთრებით იმ ექსტრემისტებმა, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას გეგმავდნენ, ომის და სიკვდილის პარტიამ, ასე ვუწოდებ მე მათ. მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ქვეყნის დანგრევა, პოლიგონად გადაქცევა და სანაცვლოდ მიიღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ზედიზედ ორი წელია, და ის პროგრესი, რომელზეც მე ვისაუბრე. მოკლედ, ამ ტემპს სჭირდება შენარჩუნება, მეტი აქტიური მუშაობა გვჭირდება ახალი წლიდან. მინისტრები, ყველანი, ვართ მოტივირებული, რომ ყველა ეს პროექტი და დაპირება უნდა შესრულდეს და იმაზე მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე დავპირდით ხალხს ", - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.

„ჩვენ რეგიონებში სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, გზების დაგება, წყლის პროექტების განვითარება, ურბანული განახლების პროგრამები. ახლა გვინდა დავიწყოთ გამწვანების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში, და აუცილებელია ტრანსპორტის მოგვარება. ამის თაობაზე ბატონ ლერი ბარნაბიშვილს დავავალე და დაამუშავა ეს საკითხი რეგიონების კურატორმა, - 250 ერთეულ ავტობუსს და ნაგავმზიდს შევიძენთ რეგიონებისთვის, და მათ გადაეცემათ ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდები, რომლებიც მოძველებული იყო ბოლო წლების განმავლობაში. რეგიონებში უნდა გაგრძელდეს ამ სიკეთეებისა და პროგრესის შეტანა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დამტკიცებულია საწარმოების რეფორმის 4-წლიანი სტრატეგია, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოები, რომლებშიც მოხდება რეფორმირება.

პრემიერმა ასევე ისაუბრა პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" შესახებ და აღნიშნა, რომ პროგრამის მასშტაბი გაფართოვდება და რეგიონებში ფილიალები შეიქმნება, რათა პროგრამაზე წვდომა ყველა მოქალაქეს შეეძლოს.

„საწარმოების რეფორმის სტრატეგიაზე ერთად მუშაობენ ბატონი ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი. ჩვენ დავამტკიცეთ 4-წლიანი სტრატეგია. განისაზღვრა სახელმწიფო საწარმოები, რომლებშიც მოხდება რეფორმირება. ამის მიზანია შესაბამისი კორპორაციული მმართველობის ჩამოყალიბება ამ ორგანიზაციებში. ეს არის ისეთი მსხვილი ორგანიზაციები, როგორიცაა - „ელექტროსისტემა", „საქართველოს რკინიგზა", „აეროპორტების გაერთიანება", „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" .

და ბოლო საკითხი, - მოგეხსენებათ, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში" საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ეს ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, ამ პროგრამას ჰყავს უკვე 20 000-ზე მეტი ბენეფიციარი. 20 000 მეწარმე არის ჩართული ამ პროგრამაში. მილიარდობით ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და ადგილობრივ წარმოებას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ, ახლა ჩვენ გვინდა, რომ ეს სიკეთეები უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. რეგიონებში, განსაკუთრებით, ადამიანებს არა აქვთ წვდომა, ფუფუნება და კომფორტი, რომ ადგილზე გაეცნონ ამ სერვისებს და ადგილზე ისარგებლონ ამ პროგრამებით. ამიტომ, ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაიწყება „აწარმოე საქართველოში" ფილიალების შექმნა. რეგიონების მიხედვით გავშლით ამ პროგრამას, რომ ადგილზე ჩავუტანოთ ეს პროგრამა და ადგილზე ჰქონდეთ წვდომა ამ პროგრამაზე. ეს არის ჩვენი მიზანი. ასე რომ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას. ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებამდე", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური