საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადებები

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი

„მინდა მივესალმო ჩემი კოლეგის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი დელეგაციის ვიზიტს უნგრეთში. პრესისთვის მინდა ვთქვა, რომ გუშინ მე და ბატონ ირაკლის გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია და დღევანდელ ფორმატში გაგრძელდა ეს შეხვედრები. უნგრეთში ძალიან ძლიერი პოზიტიური გრძნობები გვაქვს საქართველოს მიმართ, შეიძლება ითქვას, მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის. ქვეყნები არიან გეოგრაფიულად დაშორებული, საქართველო კავკასიის რეგიონშია, ჩვენ აქ ვართ, შეიძლება ითქვას, რომ სხვაობები ბევრია, მაგრამ მსგავსებაც ბევრია და ჩვენთვის არ არის რთული იმ ძირითადი საკვანძო ხაზის გაგება, რომელიც საქართველოს და ქართველ ერს აქვს. რთული არ არის იმის გაცნობიერება, თუ რა ამოძრავებს საქართველოს. ორივე ჩვენს ქვეყანას მდიდარი ისტორია აქვს, მდიდარი კულტურული ტრადიციები და ჩვენ უნიკალური ენები გვაქვს. ეს კულტურა და ეს ენა უნდა შევინარჩუნოთ, ჩვენი ერებისა და მათი ისტორიის სასიკეთოდ. რაც შეეხება პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დღიდან. რახან არანორმალურ დროში გვიწევს არსებობა, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით, ეს არის ფასების კრიზისი, ენერგეტიკული მატარებლების კრიზისი და ვატარებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა დაინტერესებულ წრეებთან და მხარეებთან. ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ დღევანდელი დღის შესახებ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. უკრაინულ-რუსული ომი, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ის მალე დასრულდეს და საქართველოს მოსაზრებაც იგივეა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შევეხეთ, ეხება ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებას და მისი წევრობის სურვილს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბრიუსელში. ეს გადაწყვეტილება, ვიტყოდი, რომ დისკრიმინაციული იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად. ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უპატივცემულობა იყო, ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ. რას გავაკეთებთ? ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირში გაწევრიანდეს და ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით. 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით.

შეხვედრებზე ასევე შევეხეთ ენერგეტიკულ საკითხს. მინდა ვაცნობო უნგრეთის საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის არის საინტერესო. ჩვენ გვინდა ახალი, დიდი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან, საქართველოსა და რუმინეთის გავლით, მივიღოთ ელექტროენერგია, და ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება უნგრეთიდან მომავალში, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა. ძალიან გამეხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას და ეს საკითხი პრინციპული მნიშვნელობისაა უნგრეთისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ენერგეტიკული და მაღალი ფასებით გამოწვეული კრიზისი დავძლიოთ. ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ენერგორესურსების მიღების კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ შედეგი იქონიოს არა მარტო მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გადაწყვეტილებაც პოვოს ამ საკითხმა. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდ იმპორტს ვახორციელებთ ძალიან დიდი მასშტაბით შორეული ქვეყნებიდან. ამიტომ არის უნგრეთისთვის მნიშვნელოვანი ეს საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მე მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ამაზე შევთანხმდით და ამას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებს შორის, პირველ პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ამიტომ, სანამ რამე სხვა დაიგეგმება, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის საზოგადოებისა და ჩვენი მთავრობის სახელით. საქართველოს დიდ წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი საქართველოს და მის მოსახლეობას."

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება მოწვევისთვის, თქვენი ძალიან გულთბილი მასპინძლობისთვის. ეს არის ჩემი მეორე ოფიციალური ვიზიტი თქვენს ლამაზ ქვეყანასა და დედაქალაქში. ბატონ პრემიერთან ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი საუბარი. ჩვენ გუშინ, საღამოს, ბატონი პრემიერის ინიციატივით გავმართეთ სამუშაო ვახშამი, სადაც განვიხილეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს და რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და გვაწუხებს. დღეს ასევე გვქონდა შინაარსიანი განხილვა თითოეული სექტორის მიმართულებით, შევეხეთ ეკონომიკის საკითხებს, სავაჭრო ურთიერთობებს, ჩვენს სამომავლო თანამშრომლობას ენერგეტიკულ საკითხებში, რომელზეც ბატონმა პრემიერ-მინისტრმა თავად აღნიშნა. საქართველო, რა თქმა უნდა, არის და იქნება ამ პროექტების მხარდამჭერი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე. ჩვენ დღეს ასევე ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. მჯერა, რომ ჩვენ შორის ისედაც არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ძალიან კარგი მეგობრობა უფრო გაძლიერდება. ეს დამატებით იმპულსს შესძენს ქართულ-უნგრულ ურთიერთობებს.

მე მინდა ვთქვა, თუ როგორ ვაფასებთ, რაოდენ ძლიერად ვაფასებთ პირადად თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ძლიერი, ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, ამას ძალიან ვაფასებთ. ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღებული ევროპული საბჭოს მიერ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის ერთგულად მიჰყვებოდნენ ამ ცივილიზაციურ არჩევანს. ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრი და ასევე ნატოს წევრი. ჩვენ არა მხოლოდ სიტყვებით ვახდენთ ამის არტიკულირებას და ამ სურვილის გამოხატვას, არამედ ჩვენ ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ გვსურს ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ ამ დიდ ოჯახში. მაგალითად, თქვენ კარგად იცით, ბატონო პრემიერო, რომ ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ ნატოს მისიებში, ერაყში, ავღანეთში, ვართ წარმოდგენილი ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა.

ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომლებიც იქნა განსაზღვრული ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მიერ. ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიციური პარტიები, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. მე ასევე მინდა ვთქვა, ამის თაობაზე ბატონმა პრემიერმა უკვე ისაუბრა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობებსა და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. აქვე მინდა აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ ამ რთულ დროს. ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი და ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება. საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო მეტად ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს.

მინდა, ასევე, გამოვეხმაურო ბატონი პრემიერის ინიციატივას, რომ ჩვენ ერთობლივ სამთავრობათაშორისო შეხვედრას გავმართავთ უკვე თბილისში. მოხარული ვარ, რომ ბატონმა პრემიერმა მიიღო ჩვენი მოწვევა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ ვუმასპინძლოთ ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს სექტორული თანამშრომლობა, ურთიერთობა მინისტრებს, სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით ბატონო ორბანის ლიდერობით და მისი მმართველობის დროს, არის ძალიან წარმატებული ქვეყანა, ძალიან ბევრი წარმატებული პოლიტიკა და რეფორმა განახორციელა ბატონი ორბანის მთავრობამ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არა მხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა. მინდა, ასევე მადლიერებით აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა და, პირადად თქვენ, მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. მინდა ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტუდენტებს, მათ განათლებას უნგრეთში, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ინიციატივაა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა, მთავარი არჩევანი და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ჩვენი მასპინძლობისთვის და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი და მოხარული, ვუმასპინძლო მას თბილისში.