საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2022 წლის სხდომები

2022 წლის 5 სექტემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-09-05

დღის წესრიგი

მთავრობის სხდომაზე ოფიციალურად გამოგვაქვს „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია", მთავრობა დაამტკიცებს დოკუმენტს და ის ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ხალხის საერთო მისწრაფებას.

„პირველი საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება, რომელზეც ჩვენ გასულ წელს ვსაუბრობდით. ეს არის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას - 2030, ჩვენი ხედვა, რომელშიც გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა. თითოეულმა უწყებამ მოამზადა საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა და გეგმები და ახლა ჩვენ ოფიციალურად გამოგვაქვს აღნიშნული საკითხი, სახელწოდებით - „ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია". ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა - სოციალური თანასწორობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია ამ დოკუმენტში. მინდა ყველა უწყებას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს დოკუმენტები მზად გვქონდა შარშანვე, მაგრამ ამის შემდეგ დაიხვეწა თითოეული დოკუმენტი, განახლდა მონაცემები და დღეს უკვე დასრულებული სახით წარმოვადგენთ, მთავრობა დაამტკიცებს და ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება", - განაცხადა პრემიერმა.

„მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას - 2022-2030. დოკუმენტი გავლილია ყველა აქტორთან, როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებთან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

„მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას - 2022-2030. მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს პირველად იქნა დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014-2020 წლებისთვის, რომელიც ძალიან სრულყოფილი დოკუმენტი იყო. მოგეხსენებათ, რომ ამ დოკუმენტზე ასევე მუშაობდა ექსპერტი, ბატონი თომას ჰამერბერგი. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ რაოდენ დიდი გამოწვევები არსებობდა ზოგადად ამ სფეროში, ადამიანის უფლებებში. კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს რეალურად დემოკრატიის არანაირი ნიშანწყალი არ არსებობდა და საერთოდ ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მას შემდეგ რადიკალურად შევცვალეთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება. ჩვენ ახლა ახალი დოკუმენტი მოვამზადეთ, რომელიც გავლილია ყველა აქტორთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მე მინდა გითხრათ, რომ დღეს უკვე სრულყოფილი სახით გამოგვაქვს აღნიშნული სტრატეგია, რომელსაც დღეს მთავრობა მოიწონებს და გადაუგზავნის პარლამენტს დასამტკიცებლად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
„ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრიუსელში. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ისაუბრებენ ყველა იმ პროგრესსა და რეფორმაზე, რომელზეც ახლა მუშაობს მთავრობა.

„დღეს ჩვენ მივემგზავრებით ბრიუსელში. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართება ბრიუსელში. დელეგაციას პირადად მე ვუხელმძღვანელებ, მინისტრებიც იქნებიან, ბატონები ეკონომიკის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, და ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი ყველა იმ პროგრესსა და რეფორმაზე, რომლებზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. ასევე, ბუნებრივია, გვექნება საუბარი იმ 12 რეკომენდაციაზე, რომლებზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტში ჩვენი მმართველი პარტიის მიერ და, რა თქმა უნდა, საუბარი ასევე შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ისე ეკონომიკურს, ზოგადად, რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით და მის შესაძლო გავლენებს ზოგადად მთელ რეგიონსა და ევროპაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

„ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებმაც ბოლო 7 თვის განმავლობაში 10,3% შეადგინა. ეს მართლაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდაა მთელ მსოფლიოში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად, 40%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, ფულადი გზავნილები კი, 46.8 %-ით არის გაზრდილი და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა.

„მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ წინა კვირას უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომლებმაც შეადგინა 10,3% ბოლო 7 თვის განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მართლაც უპრეცედენტო მაღალი ეკონომიკური ზრდა მთელ მსოფლიოში. თქვენ კარგად მოგეხსნებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ეს პრობლემები გადაცემულია უკვე მთელ მსოფლიოზე და ამ ფონზე ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვახერხებთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია. აქვე მინდა მოკლედ ვთქვა, ამაზე წინა მთავრობის სხდომაზეც ვილაპარაკე, რომ ექსპორტი მნიშვნელოვნად, 40%-ით არის გაზრდილი. ასევე, მინდა ვაცნობო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ფულადი გზავნილები არის 46.8 %-ით გაზრდილი და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა. რაც შეეხება ბიზნესსექტორს, ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ბიზნესსექტორში ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა გაზრდილია როგორც პირველ კვარტალში, ისე მეორე კვარტალში და ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესსექტორის ბრუნვა 25%-ით არის გაზრდილი იანვარ-ივნისში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელი მონაცემებია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური