საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2022 წლის სხდომები

2022 წლის 31 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2022-10-31

დღის წესრიგი

9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2% ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წლის ბოლომდე არის მოლოდინი, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება.

„მე მინდა შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და დაძაბულობის ფონზე, ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2% ეკონომიკური ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ გაზრდილია ექსპორტი 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს სწრაფი ტემპით. თუ ჩვენ შევადარებთ 2019 წელს, წელს უკვე 97,5%-ით არის აღდგენილი ტურიზმი. აქედან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი.

არ მინდა წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და წლის ბოლოს ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს, რა, თქმა უნდა, გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება. ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიმუშავეთ აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ჩამოთვლილი პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში.

„მეორე საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება. მოგეხსენებათ, რომ მით უმეტეს ამ ომმა, რაც მიმდინარეობს უკრაინაში, და კრიზისმა გამოაჩინა კიდევ ერთხელ სირთულეები, რომლებიც ქვეყნებსა და სახელმწიფოებს აქვთ, - ესაა ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს, რა, თქმა უნდა, გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ, ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება. ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიმუშავეთ აქტიურად. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ არის შეთანხმებული, გავლილი და ამას სულ რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური სახე მიეცემა. ესე იგი, ჩვენ რას ვგულისხმობთ ახალი შეთავაზებით, ახალი სქემით, - მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები, ეგრეთ წოდებული გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე არის გაცემული მემორანდუმები. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული. ეს ერთი საკითხი, მეორე საკითხი, - ბუნდოვანი იყო, ასე ვთქვათ, ახალი პროექტების ბედიც და, ზოგადად, ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე. ამიტომ, ახალი სქემა არის შემდეგი - სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში, გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში, ფასთაშორის სხვაობის ეგრეთ წოდებული cfd-ი ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, ის 800 მგვტ, რომელზეც მე ვთქვი უკვე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა „ნამახვანი", „ნენსკრა" და „ხუდონი".
ანუ ჯამურად მხოლოდ ამ 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. მინიმუმ, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორე, მხრივ კი ვაცხადებ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. ასევე მინდა ვთქვა, რომ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, 10 პროცენტით ვზრდით უკვე ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას, ბუნებრივია, ეს მოხმარება იზრდება და ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა, ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი, ძვირფასო მეგობრებო, და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მით უმეტეს, რომ ეს არის განახლებადი ენერგია, სუფთა ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა, რომ იტყვიან, და ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება მეტი მხარდაჭერა," - განაცხადა პრემიერმა.
ბოლო საკითხი, რაზეც მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ესაა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე არის ჩართული ამ სექტორში, თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ არის წარმოდგენილი. თუ არ ვცდები, 2017 წელს შემოვიდა ფაროსანა და მან გამოიწვია ძალიან დიდი კლება თხილის წარმოებს. მოგეხსენებათ, რომ წელსაც მაინცდამაინც კარგი მოსავალი არ იყო. ხარისხი იყო შედარებით გაუარესებული, ამას ემატება ისიც, რომ მოთხოვნაა შემცირებული და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს და ფიზიკურ პირებს, დავეხმაროთ მაქსიმალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. მთავრობის მეთაურმა რთველზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 250 მლნ ლარი შევიდა კახეთის რეგიონში.
„პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ 20 მლნ ლარს, დაახლოებით, და ამის თაობაზე ბატონი ოთარი მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ სექტორში, და, განსაკუთრებით სამეგრელოში, ძალიან ბევრი ადამიანია ამ სექტორში ჩართული და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, ისე როგორც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ. მინდა ვთქვა ასევე, რომ რთველი წარმატებით დასრულდა, დაახლოებით 250 მლნ ლარი შევიდა, რომ იტყვიან, კახეთის რეგიონში და მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, მან წარმატებით ჩაატარა რთველი და ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში," - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური