საქართველოს მთავრობა – 2023 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე ამოსაბეჭდი ვერსია

2023-11-30

.

 

„ყველას მოგესალმებით! დილა მშვიდობისა!
ბატონო პრეზიდენტო ასაკავა!
პატივცემულო მინისტრებო!
თქვენო აღმატებულებავ!
ძვირფასო სტუმრებო!

მინდა გულთბილად მივესალმო აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მის აღმატებულება ბატონ ასაკავას, პატივცემულ მინისტრებს, წევრი ქვეყნების დელეგაციებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

ძალიან სასიამოვნოა, ყველას მოგმართოთ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის მინისტრთა 22-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე თბილისში.

2023 წელს საქართველოს ჰქონდა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ამ რეგიონალური პროგრამის თავმჯდომარეობის პატივი და რადგან ეს წელი მთავრდება, სიამაყით ვაცხადებ, რომ წარმატებით შევასრულეთ ჩვენზე დაკისრებული მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. გულწრფელ მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყებას და პირს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში.

მალე, 2024 წელს, აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას სიხარულით ვუმასპინძლებთ თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გამორჩეულ პლატფორმად წარმოჩინდება რეგიონალური და გლობალური განვითარების საკითხებისა და შეთავაზებული გადაწყვეტილებების განხილვისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისა და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონალური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. აღსანიშნავია, რომ ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში. მას შემდეგ, რაც 2016 წელს საქართველო ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალურ პროგრამას შეუერთდა, დაახლოებით 3 000 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იქნა მობილიზებული ქვეყანაში.

სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ძირითადი პოლიტიკის მიმართულებები ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას გახდეს რეგიონალური ცენტრი, რომელიც წარმოჩინდება როგორც გამარტივებული და დაჩქარებული სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის.

იმ პირობებში, როდესაც ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა, მზად ვართ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. მათ შორისაა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა.

ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავაც აფერხებს საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები. ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას ისახავს მიზნად.

ძვირფასო მეგობრებო, მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩემი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონალურ კეთილდღეობას.

ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ღირებულების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებასა და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებაზე. ფაქტობრივად, ჩვენი თანამიმდევრული და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა, რეგიონალური და გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად.

ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით. 10 პროცენტზე მეტი იყო ზრდა 2021 და 2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია შეინარჩუნა 2023 წელსაც, პირველ 9 თვეში 7-პროცენტიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბლა მოაქცია.

მთლიანად, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა. 2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 27 000 000 000 ლარი იყო, 2024 წელს კი, 86 000 000 000 ლარს მიაღწევს არსებული პროგნოზებით. 2023 წლის ბოლოს სულადობრივი მთლიანი შიდა პროდუქტი მოსალოდნელია 8000 აშშ დოლარს გაუტოლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც 3 წელიწადში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა.

ძვირფასო მეგობრებო, ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების აუცილებლობას. ამიტომ, განახლებადი ენერგიის წყაროებში უახლეს ინიციატივებს ვნერგავთ, წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ჩათვლით. ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას და გამოყენებულ იქნეს საქართველოს უხვი, მწვანე ენერგიის პოტენციალი.

ასევე, ვმუშაობთ ენერგოეფექტურობის სფეროში პროექტების შესამუშავებლად და მზად ვართ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის შესაბამისი პოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც თავსებადი იქნება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების დღის წესრიგთანაც.

დაბოლოს, ხაზი მინდა გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამისა და ამ კონტექსტში დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობათა მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის. ვიმედოვნებ, რომ მინისტრთა დღევანდელი კონფერენცია იქნება წარმატებული და ნაყოფიერი, რაც ჩვენს საერთო მისწრაფებას აყვავებული და მდგრადი მომავლისკენ შეუწყობს ხელს.

დიდი მადლობა!"