საქართველოს მთავრობა – 2024 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი განცხადებები ამოსაბეჭდი ვერსია

2024-03-18

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე:


მოგესალმებით, ბატონო გენერალურო მდივანო, მედიის წარმომადგენლებო.

ბატონო გენერალურო მდივანო, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებსა და სირთულეებს, თუმცა თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატოს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.

თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.

დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის" იდეა საფრთხის ქვეშაა. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ.

ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის ქვეყნის მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება.

მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში.


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი:

დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ძვირფასო ირაკლი, მიხარია თქვენი ნახვა კვლავ. ბაქოში და აქ ყოფნა დიდებულია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას ნატო-საქართველოს პარტნიორობის მიმართ. დიდად ვაფასებთ ამ ურთიერთობას.

ასევე მივესალმები იმ ფაქტს, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ თქვენ იმყოფებოდით ბრიუსელში, ახლა მე გახლავართ აქ. ეს იმასაც ადასტურებს, რომ აქტიური პოლიტიკური დიალოგი გვაქვს ჩვენი პარტნიორობის შესახებ.

საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც თქვენ ნატოს მისიებსა და ოპერაციებში შეგაქვთ.

ასევე, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია!

ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, რათა გაწვეულ იქნეს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების გამართვა სრულიად უკანონოა და ცხადია, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.

საქართველო უსაფრთხოების სფეროში კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. რუსეთს იმპერიალისტური ზრახვები აქვს და უკრაინის საბრძოლო ველზე არსებული ვითარება კვლავ რთულია.

ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ გავაგრძელოთ დახმარების გაზრდა. ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინისადმი გამოყოფილი მთლიანი სამხედრო დახმარების 99 პროცენტს, პარტნიორებიც საკვანძო როლს თამაშობენ. მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, რომლებსაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება მიეწოდებათ.

ამავე დროს, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი რუსეთის აგრესიული ციკლის დასასრულებლად.

დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის.

რუსეთის ომმა რისკების წინაშე დააყენა შავ ზღვაზე ხომალდების ნავიგაცია და გლობალურად საფრთხე შეუქმნა სურსათის მიწოდების ჯაჭვს. თუმცა, ჩვენი მხარდაჭერით უკრაინამ საპასუხო მოქმედებები განახორციელა და დააზიანა რუსეთის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვაზე. ამ წარმატებამ უკრაინას მისცა იმის საშუალება, რომ განეახლებინა ხორბლის მიწოდება, რაც ამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და სურსათის გლობალური უსაფრთხოებისთვის.

ნატო-საქართველოს პარტნიორობა უკვე ძლიერია და დღეს განვიხილეთ ის, თუ როგორ შეიძლება მისი შემდგომი განვითარება. იანვარში შევთანხმდით საქართველოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობის გეგმის განახლების თაობაზე, რათა მოხდეს ჩვენი ურთიერთობის გაღრმავება - ნატოსა და საქართველოს შორის.

ასევე, მივესალმები წინსვლას, რომელიც მიღწეულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება და სამხედრო ინჟინერია. სულ რამდენიმე დღის წინ, თურქული საზღვაო ფრეგატი ეწვია ბათუმს საზღვაო დაცვის უწყებაში ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. ეს არის სწორედ იმის მაგალითი, თუ როგორ ვახორციელებთ პრაქტიკულ ინიციატივებს ერთობლივად, საზღვაო შესაძლებლობებისა და პოტენციალის გასაზრდელად. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე შავი ზღვის რეგიონისა და ნატოსთვის.

ნატო თქვენ გვერდით დგას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ გვერდით დგომას ადასტურებს ბუქარესტის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება.

ევროკავშირის მიერ მონიჭებული კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა თქვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, იგივე დაგჭირდებათ ნატოს სრულუფლებიანი მოკავშირეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ადგილობრივი რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, მიმდინარე წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებით.

ამდენად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მასპინძლობისთვის და ნატო-საქართველოს პარტნიორობისადმი პირადი ერთგულებისთვის, დიდი მადლობა!"