საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2024 წლის სხდომები

2024 წლის 8 აპრილის მთავრობის სხდომა

2024-04-08

დღის წესრიგი

 

თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ახალი მეგაპროექტის განხორციელების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ახალი აეროპორტი ვაზიანში აშენდება.

„დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 4,5 მილიონი მგზავრი. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი დინამიკა ტურიზმის სფეროში. მომავალშიც მოსალოდნელია ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფი და თანამიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. ჩვენ განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე გულისხმობდა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით 900 მილიონი დოლარი, ახლის აშენების ფასი - 1 მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, - ახლის მშენებლობა გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრების რაოდენობის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი აეროპორტი სრულ შესაბამისობაში იქნება უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.

„არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, მივიღეთ გადაწყვეტილება, ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი გათვლებით ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი, - 0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იმისთვის, რომ მოამზადა ეს პროექტი. ახლა მთავარია, რომ სათანადოდ წავიდეთ წინ და უზრუნველვყოთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა ულტრათანამედროვე ახალი აეროპორტით", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე დაავალა ეკონომიკის სამინისტროს გერმანიაში საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად დამატებითი პირდაპირი ავიარეისებისა და ბილეთებზე ფიქსირებული, დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა. დამატებითი პირდაპირი რეისები დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დაინიშნება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე ნაკრების წარმატებისთვის.

„18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია - მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას. შესაბამისად, თვითმფრინავის ბილეთებზე ფასები რიგ შემთხვევებში რამდენჯერმე გაიზარდა ფასები. მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით, და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ეს საფეხბურთო ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. დარწმუნებული ვარ, გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ, რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით," - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ საბჭოზე მიღებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც განახლებადი ენერგიის რესურსების ოპტიმალურ ათვისებას უკავშირდება.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს მიდგომა ძალიან მომგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს.

„მთავრობის მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება 800 მგვტ ჯამური სიმძლავრის ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. დღეისთვის უკვე არის დადგენილი კონკრეტული საშუალო მედიანური ფასი თითოეულ კატეგორიაში, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ენერგეტიკული პროექტების განხორციელება. ეს მთავრობას აძლევს შესაძლებლობას, მეტი განახლებადი ენერგიის იდენტიფიცირებისა და მეტი ჯამური დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით ენერგეტიკულ სექტორს შესთავაზოს პროექტების განხორციელება ფიქსირებული ტარიფის მიხედვით, რომელიც განისაზღვრება კონკურენტუნარიან გარემოში აუქციონის შედეგად. ეს მიდგომა ძალიან მომგებიანი იქნება ენერგეტიკული სექტორისთვის და განხორციელებული პროექტების კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს. ეკონომიკის სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს ნორმატიული ბაზის შემუშავება ამ მიზნით. მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს ამ საკითხის მომზადებისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტის მიღების შემდეგ, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება.

„ეკონომიკურ საბჭოზე ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. საქმე ეხება ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას. მადლობას გადავუხდი ფინანსთა სამინისტროს და მინისტრს ამ საკითხის მომზადებისთვის. საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები, კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით. როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, ჩვენს 145 ათას თანამოქალაქეს საშუალება ექნება, აქტიურად ჩაერთოს ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც წაადგება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე ასევე გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიციირებას და აღნიშნა, რომ ის თავიდან ბოლომდე გამართულია და ითვალისწინებს მხოლოდ წლიურ დეკლარირებას ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და შესაბამის მედიასაშუალებებს.

„დემოკრატიულ საზოგადოებაში, დემოკრატიულ საზოგადოებრივ წესწყობილებაში, გამჭვირვალობას არა აქვს, ბუნებრივია, ალტერნატივა. აკვირდებით დებატებს, ვერავინ ასაბუთებს, თუ რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი. გუშინ მოვისმინეთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის აღიარებითი ჩვენება. მან განაცხადა, არ უნდა შევიდეთ შინაარსშიო, შინაარსი ხელისუფლების ველიაო. ანუ, უშინაარსობა არის ჩვენი ოპონენტების ველი და შინაარსი არის ხელისუფლების ველი. ამაზე უკეთეს აღიარებას, რა თქმა უნდა, ვერ ვინატრებდით. ნამდვილად ასეა, შინაარსში არის ეს ყველაფერი გამართული, კანონპროექტი თავიდან ბოლომდე გამართულია. ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონპროექტი, არის წლიური დეკლარირება იმ ფინანსებისა, რომელიც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, შესაბამის მედიასაშუალებებს, და გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა არის რუსული, გაუმჭვირვალობა არის ევროპული. შარშან მოახერხეს და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, თავდაყირა დააყენეს ღირებულებები. თუმცა, მეორედ ამას, დარწმუნებული ვარ, ვეღარ შეძლებენ," - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური სოციალურ მედიაში, კერძოდ, Facebook-ში ცენზურასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცენზურას ახორციელებენ პოლიტიკურ ოპონენტ პარტიებთან დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები - factcheck-ი და „მითების დეტექტორი".

„გვარებით რომ ვთქვათ - სერგი კაპანაძე, თამარ კინწურაშვილი. ყველამ იცით ეს სახელები და გვარები. ეს ადამიანები, თავის დროზე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ხელისუფლებასთან პირდაპირ აფილირებული, თავად აწარმოებდნენ ცენზურას მედიასაშუალებებში. დღეს ამის საშუალება მათ აღარა აქვთ ამ მასშტაბით, თუმცა, სადაც შეუძლიათ, იქ აწარმოებენ ამ ცენზურას. ეს არის სოციალური მედია, რაც გაირკვა ამ დღეების განმავლობაში, და საინტერესოა, რომ ჩვენს ოპონენტებს შორის ამ ცენზურას მოჰყვა ძალიან დიდი პოზიტიური აჟიოტაჟი. ეს აჩვენებს ხელწერას და ღირებულებებს, ანუ გაუმჭვირვალობა და ცენზურა არის ამ ადამიანებისთვის ევროპა, - ასე წარმოგვიჩენენ და საპირისპირო განცხადებები რაც არის, ძალიან კარგად იცით. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია როგორც გაუმჭვირვალობა, ასევე ცენზურა. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიაში სწორედ გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება არის ის ღირებულებები, რომლებიც უნდა იყოს განმსაზღვრელი. ამიტომ მაქსიმალურად დავიცავთ როგორც ერთ, ისე მეორე პრინციპს, ორივე ღირებულებას - ესენია გამჭვირვალობა და სიტყვის თავისუფლება,"- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, NGO-ების საქმიანობა არის თვისებრივად გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რისთვის ფინანსდება.

„ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს, მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე, რაც სიცრუეა. ჩვენ ამოვიღეთ ინფორმაცია შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე. ესენი არიან რესურსულად ყველაზე ძლიერი, მდიდარს არ ვიტყვი ამ შემთხვევაში, ასევე ექსტრემიზმით გამორჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები. გაირკვა, რომ 2012 წლიდან მათ მაქსიმუმ 18% აქვთ დეკლარირებული იმ ფინანსებისა, რომელსაც ხარჯავენ. კერძოდ, მთლიანი თანხა, რაც იყო ნაჩვენები, დეტალების გარეშე, იყო 85 400 000 ლარი. ეს არის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მინიმუმ ამდენი ხარჯი აქვს გაწეული შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუმცა, ჩვენ არა გვაქვს არავითარი ინფორმაცია ამ თანხების მიზნობრიობისა და კონკრეტული წყაროების თაობაზე. აქედან დეტალური ინფორმაცია გვაქვს მხოლოდ 18%-თან დაკავშირებით, ანუ 15 400 000 ლართან დაკავშირებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 85 მილიონიდან მინიმუმ 70 მილიონი მათ აქვთ დახარჯული ყოველგვარი დეტალური ინფორმაციის წარმოდგენის გარეშე, სრულიად გაუმჭვირვალედ. ანუ მთავრობასაც კი, არავითარი ინფორმაცია არა აქვს ამასთან დაკავშირებით, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავისთავად ეს ინფორმაცია არის საგადასახადო საიდუმლოება, ანუ, მე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც კი ვერ ვაკონკრეტებ. შესაბამისად, საზოგადოებისთვის საერთოდ ნული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. უშუალოდ სამთავრობო დაწესებულებებისთვის არის ხელმისაწვდომი ინფორმაციის მაქსიმუმ 18%", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ხარჯებიდან დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ნაჩვენები ფინანსთა სამინისტროში.

„აქ არ შედის, მაგალითად, სამივლინებო ხარჯები, ოფისის ქირის უდიდესი ნაწილი, ელექტრონული ზედნადების გარეშე განხორციელებული შესყიდვები, რაც არის საკმაოდ დიდი მოცულობა. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა 82%, არამედ მათ მიერ დახარჯული თანხების 90%-ზე ბევრად მეტი არის სრულიად გაუმჭვირვალე, საზოგადოებისთვის არის პრაქტიკულად სრულიად გაუმჭვირვალე. მთავრობისთვისაც კი, არის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რისთვის დაფინანსდა - შესაბამისი ორგანიზაციები. არის ერთ-ერთი ფინანსურად ყველაზე ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ 0,4% აქვს დეკლარირებული. არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც განსაკუთრებულად გამოირჩევა ექსტრემიზმით და მათ ნული აქვთ ნაჩვენები, საიდან და რა მიზნით მიიღეს დაფინანსების სახით. ეს არის საერთო სურათი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აქედან ჩანს, რომ NGO-ების საქმიანობა არის თვისებრივად გაუმჭვირვალე და საზოგადოებას არა აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ვინ რისთვის ფინანსდება. ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს თანხები არის სრულიად გამჭვირვალე, თუმცა ფაქტები აჩვენებს იმას, რომ არავითარი გამჭვირვალობა არ არის უზრუნველყოფილი. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, იმის შესახებ, თუ რა წყაროებიდან და რისთვის ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, შესაბამისი მედიასაშუალებები და ამისთვის ახლად ინიციირებული კანონპროექტის მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური