საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2008 წლის 12 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 31 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა მომავალი 2009 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა.

”თქვენ იცით, რომ ჩემი პრემიერად დამტკიცების დროს, მე პარლამენტს ვთხოვე 15 დღით გვიან წარგვედგინა ბიუჯეტი, რათა მოგვცემოდა დრო იმისათვის, რომ ბიუჯეტის პროექტში შეგვეტანა ისეთი ცვლილებები, რომ იგი გამხდარიყო უფრო მეტი ზრუნვის, მეტი აღმშენებლობისა და უფრო მეტი დასაქმების ბიუჯეტი.

მას მერე ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით როგორც მთავრობაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ეკონომიკის ექსპერტებთან. გვქონდა შეხვედრები მასწავლებლებთან, ექიმებთან, ბიზნესმენებსა და ლტოლვილებთან. ამ მუშაობის შედეგად ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი განახლება შეგვეტანა ბიუჯეტის არსებულ პროექტში.

გუშინ ჩვენ გავახმოვანეთ ერთ-ერთი კონკრეტული, ჩვენი ეკონომიკის სტიმულირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივა გადასახადების დაწევის შესახებ,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სთხოვა ფინანსთა მინისტრს ნიკოლოზ გილაურს წარმოედგინა სხვა საბიუჯეტო ინიციატივები ”რომლითაც მთავრობა შევა პარლამენტში და შემდეგ ყველანი ერთად დავიწყებთ აქტიურ მუშაობას საპარლამენტო ფრაქციებთან, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციასთან ბიუჯეტის დასამტკიცებლად” - დასძინა გრიგოლ მგალობლიშვილმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი