საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 3 სექტემბრის სხდომა

სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე მოკლედ შეეხო 1-2 სექტემბერს ბრიუსელში მისი ვიზიტის შედეგებს.

მან თქვა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებები და ის ერთსულოვნება, რომელიც ევროპამ შეინარჩუნა საკუთარი პოზიციის გამოსახატად. მან არა მხოლოდ დაგმო რუსეთის აგრესია, არამედ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაუჭირა მხარი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს იყო ბრიუსელში გამართული სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. გარდა ამისა, განაგრძო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა სამოქალაქო დამკვირვებლების გამოგზავნა უკვე ამ ეტაპზე, რაც იმ აქტიური მუშაობის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც ეწევიან ევროკავშირი, პრეზიდენტი ნ.სარკოზი საიმისოდ, რომ სრულად შესრულდეს 6-პუნქტიანი ხელშეკრულება და ამის შედეგად დაჩქარდეს საქართველოს დეოკუპაციის პროცესი. მიღებულ კომუნიკეში საუბარია ევროპასთან საქართველოს უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე. კონკრეტულად გამოკვეთილია დაჩქარებული ინტეგრაციული პროცესების ორი მთავარი მიმართულება, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივება და თავისუფალი ვაჭრობის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ის განცხადება, რომელიც დაფიქსირებულია საბოლოო კომუნიკეში, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ამ თემაზე ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. ალბათ 11 სექტემბერს მომიწევს ბრიუსელში ჩასვლა, რათა ეს თემა რაც შეიძლება სწრაფად დავძრათ. კომუნიკეში ასევე საუბარია დონორთა კონფერენციის შესახებ, თუმცა მისი ფორმატი და გამართვის ვადები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ამ თემაზე მიმდინარეობს კონსულტაციები. შეხვედრები გაიმართა ევროკომისიაშიც. იქაც დაძრულია სამუშაო პროცესები. ბუნებრივია, რაღაც დროა საჭირო იმისათვის, რომ ყველა აუცილებელი პროცედურა განხორციელდესNროგორც ევროკომისიის, ისე ევროპარლამენტის მიერ. ამავე დროს, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ეკონომიკური დახმარების კუთხით. დღეს 17 საათზე გაიმართება ჩვენი და სავალუტო ფონდის ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც კონკრეტულად გახმოვანდება სავალუტო ფონდის მასშტაბური და შთამბეჭდავი ახალი პროგრამის კონტურები. გარდა ამისა, მოველით, რომ შემდეგი 24 საათის განმავლობაში ასევე გახმოვანდება ძალზე მასშტაბური ეკონომიკური დახმარების დეტალები, რომელსაც გაგვიწევს ჩვენი ყველაზე დიდი მეგობრი და პარტნიორი. მუშაობა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, ოპტიმიზმის სრული საფუძველი გვაქვს და პირველი შედეგები საზოგადოებისათვის დღეს 17 საათისათვის იქნება ცნობილი, - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი