საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2008 წლის სხდომები

2008 წლის 9 იანვრის სხდომა

2008 წლის 9 იანვარს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 20 საკითხი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას მეტად საინტერესო, გარდამავალ პერიოდში უწევს მუშაობა, რაც არ ნიშნავს მუშაობის ტემპის შენელებას, და დასძინა, რომ მოსალოდნელია ცვლილებები მთავრობის სტრუქტურაში, რის შესახებ მიმდინა­რეობს სათანადო კონსულტაციები.

შემდეგ მან თქვა, რომ უახლოეს ორ კვირაში უნდა დასრულდეს მუშაობა მოკ­ლევადიან პროგრამაზე, რომელშიც უნდა აისახოს ყველა დაპირება თუ ინიციატივა, გახმოვანებული ჩვენ მიერ ბოლო ორი თვის განმავლობაში. ეს ძალზე მოცუ­ლობითი სამუშაოა, რადგან პროგრამა სხვადასხვა ინიაციატივის ფართო სპექტრს მოიცავს, თუმცა არა რთული, რადგან ყველა დაპირება თუ ინიცია­ტივა სრულად არის ასახული 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში.
დღევანდელ სხდომაზე, განაგრძო მან, განხილულ იქნება ძალზე მნიშვნელო­ვანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ორ საკვანძო საკითხს ეხება. ეს არის ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საბოლოო გაფორმების საკითხი, გამომდინარე ყველა საგადასახადო და საბაჟო ნიუანსებიდან, და საქართველოს, როგორც საერთაშორისო საფინანსო ცენტრის, ჩამოყალიბებისა და მი­­სი კონკურენტუნარიანობის საკითხი. თუ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს ამ ცვლილებათა პაკეტს, შეიქმნება უპრეცედენტო საფინანსო რეჟიმი, რომლის მსგავსი არ იქნება არც დსთ-ს სივრცეში და არც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. აქ ერთდროულად მრა­ვალ საკითხზეა საუბარი. კერძოდ, ეს იქნება ბიუჯეტის პროფიცი­ტის დაკანონება, რომელთან ძალზე მჭიდროდ არის დაკავშირებული მო­მა­ვალი თაო­ბებისა და სტრატეგიული განვითარების ფონდის შექმნის საკითხი. მასში აკუმულირ­დება ეს პროფიციტი, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის საკეთილდღეოდ, პირველ რიგში კი იმ სარეაბილიტაციო და სარეინტეგრაციო ხარჯების გასაწევად, რაც უნდა მოჰყვეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებას.
გარდა ამისა, საქმე ეხება ძალზე მნიშვნელოვან ცვლილებებს ეროვნული ბან­კის რეგულირების კუთხით. მკაფიოდ ყალიბდება ეროვნული ბანკის პრიორიტეტული ამოცანა ფასების სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით და მკვეთრად იზრდება მი­სი ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ ამ ამოცანის გადასაწყვეტად. პირ­ველად პოსტსაბჭოთა თუ პოსტკომუნისტური ქვეყნების ფარგლებში, კანონში ჩაიწერება, რომ დაუშ­ვებელია ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლის დაგეგმვა ქვეყანაში. და თუ ეს ფაქ­­ტობრივი მაჩვენებელი ნებისმიერი ოთხი კვარტალის განმავლობაში აღემატება 10%-იან ნიშნულს, პლუს რაღაც დიაპაზონი იქნება გათვალისწინებული, დგება პარლამენტის მხრივ მყისიერი მოქმედების დრო და მკვეთრად იზრდება ეროვნული ბანკის ანგარიშვალდებულება ამ კუთხით.

საბოლოოდ გაფორმდება და ჩამოყალიბდება ფინანსური სექტორის საზედამ­ხედველო სამსახური, რომელიც განაგრძობს თავის ავტონომიურ მაღალეფექტიან მუშაობას. იგი მთლიანად გაუწევს ზედამხედველობას ჩვენს საფინანსო სექტორს. გამკაცრდება და უფრო მკაფიო გახდება ფულის გათეთრების რეგულირება ბანკებში მნიშვნელოვანი წილების მფლობელების შესაფერისობის კრიტერიუმების მხრივ და ა.შ., რადგან ეს ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ჩვენი, როგორც საფინანსო ცენტრის ჩამოყალიბების საქმეში.

ინვესტორებისთვის, ბიზნესმენებისათვის, ზოგადად ყველა მეწარმე სუბიექტისა თუ საქართველოს მოქალაქისათვის მეტად საინტერესოა, რომ ამ პაკეტის თანახმად ჩვენს ქვეყანაში იგეგმება საგადასახადო წნეხის სერიოზულად შემცირება. ლაპარაკია იმაზე, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან გაუქმდეს გადასახადი საპროცენტო შემოსავალზე, რომელიც მიღებულია ბანკებში განთავსებული დეპოზიტებიდან ან საჯარო ბრუნვაში მოქცეული ობლიგაციებიდან; რომ 2009 წლის 1 იანვრიდან განულდეს გადასახადი დივიდენდებზე და ასევე წარმოქმნილი შემოსავლის გადასახადი საჯარო ბრუნვასა თუ მიმოქცევაში არსებულ ფასიან ქაღლდებზე; რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადი, და ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ფართო ფენებისა და დამქირავებლებისთვის, რაც დღეს 25%-ს შეადგენს, შემცირდეს 15%-მდე. მთავრობას დაევალება, რომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში მოამზადოს გრაფიკი, თუ რა ტემპით მოხდება ეს შემ­ცირება ხუთი წლის განმავლობაში, და ამ შემცირების კვალდაკვალ საერთოდ განულდება გადასახადი ნებისმიერი სახის დივიდენდებსა და ყოველი სახის საპროცენტო შემოსავალზე. კიდევ მრავალი ნიუანსი და ინიციატივაა.

აღნიშნულის განხორციელებით საქართველოში მივიღებთ რეგულირებისა და ძალიან დაბალი საგადასახადო წნეხის სრულიად უპრეცედენტო რეჟიმს, რაც მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ჩვენი საერთაშორისო საფინანსო ცენტრის ჩამოსა­ყალიბებლად. ეს ცენტრი კი, ისევე როგორც ფოთის ინდუსტრიული ზონა, არის, ალბათ, ჩვენი გრძელვადიანი ეკონომიკური სტრატეგიის ის ორი მთავარი კომპონენტი, რამაც საბოლოო ანგარიშით უნდა მიგვიყვანოს ,,საქართველოსთან სიღარიბის გარეშე".

კიდევ ერთი, თქვა დასარულ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჩვენ საქარ­თველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად სერიოზული მუშაობა უნდა გავწიოთ, რათა გავაანალიზოთ რუსეთის მთავარი სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბატონ გენადი ონიშჩენკოს განცხადებები, რომლებიც მან გააკეთა ბოლო ორი დღის განმავლობაში, შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ და გადავწყვიტოთ, თუ რა ფორმით, რა რეჟიმში, რა ფორმატით განვაახლოთ დიალოგი, და, მისი შედეგებიდან გამომდინარე, განვსაზღვროთ, თუ რამდენად რეალურია ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ჩვენთვის რეალისტურ და საინტერესო ვადებში, ბუნებრივია, ჩვენთვის მისაღები პირობებით.



საქართველოს მთავრობის კანცელარიის საორგანიზაციო დეპარტამენტი