საქართველოს მთავრობა – საჯარო მმართველობა

საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიების საჯარო განხილვა

საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობამ დოკუმენტის - „ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის" ფარგლებში, 2015 წელს დაიწყო, რასაც მოყვა საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევი 2020-ისა და აღნიშნულის განხორციელების სამი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

რეფორმის წარმატებით განხორციელება ფუნდამენტურ როლს ასრულებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მისი მიზანია დემოკრატიის, ეფექტიანი მმართველობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განმტკიცება.
საჯარო მმართველობის რეფორმის რიგით მეორე, 2023-2026 წლების სტრატეგიისა და აღნიშნულის განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით, შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით მომზადდა. პოლიტიკის დოკუმენტების მოზადების პროცესში ჩართულ უწყებებს მხარდაჭერას უწევდნენ ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტისა (OECD/SIGMA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში" პროექტის ექსპერტები.

შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების შემდგომი განვითარების მიზნით, მიმდინარე ეტაპზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრიორიტეტია რეფორმის განახლებულ მიზნებსა და ამოცანებზე, აგრეთვე, დაგეგმილ ღონისძიებებზე ფართო საზოგადოების უკუკავშირის მიღება.
შესაბამისად, დანართად წარმოდგენილია საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიისა და 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიები.


ფართო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების ანალიზის შემდგომ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, საბჭო კი, აღნიშნულის განხილვის შემდგომ, დოკუმენტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიები საჯარო კონსულტაციებისათვის ღიაა 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული კომენტარები, მოსაზრებები და რეკომენდაციები მიიღება შემდეგ ელ-ფოსტაზე: Parcouncil@gov.ge ან კითხვარის შევსების გზით.


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მადლობას გიხდით პროცესში აქტიური ჩართულობისათვის.

 

PAR  სამოქმედო გეგმა 2023-2024 სამუშაო ვერსია საჯარო კონსულტაციისთვის

PAR სტრატეგია 2023-2026 სამუშაო ვერსია საჯარო კონსულტაციისთვის